რა მოხდა სენაკში? – მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავისუფალია, მოკლულის ქვრივი კი სამართალს ითხოვს

„უმორჩილესად გთხოვთ დაინტერესდეთ ჩემი გაჭირვებით, შეისწავლოთ ჩვენი საქმე. აღარავის იმედი არ მაქვს უკვე რომ გვერდით დამიდგება, რათა გამოაშკარავდეს და საჯაროდ კანონის წინაშე აგოს პასუხი ადამიანის მკვლელმა და მისმა ხელშემწყობებმა. ჩემსავით კიდევ სხვა არ დაქვრივდეს და დაობლდეს“, – ასე იწყება „თაიმერისათვის“ გამოგზავნილი წერილი, რომლის ავტორიც არის ქრისტინა ქაჩიბაია.
ქრისტინა ქაჩიბაია სენაკში, ომიანე კაჭარავას N11-ში ცხოვრობს. ქალბატონი ქრისტინა გვწერს:
„მოგახსენებთ,რომ ვარ გარდაცვლილ გიგა ინალიშვილის უფლებამონაცვლე. ჩემს მეუღლეს 2016 წლის 22 ნოემბერს ქ.სენაკი, ჭყონდიდელის ქ.N1ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით შემავალი და სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა მუცლის,გულმკერდისა და კეფის არეში, მისივე ბავშვობის მეგობარმა, ტოგლერ (ტატო) კირთაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩემი მეუღლე 2017 წლის 9 იანვარს ქალაქ ქუთაისში აკადემიკოს ცხაკაიას სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.
2018 წლის 15 იანვარს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ტოგლერ კირთაძე უდანაშაულოდ სცნო ადამიანის მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისათვის.
იმ დროს როდესაც გიგა ინალიშვილი ჯერ კიდევ სიცოცხლისათვის იბრძოდა, ტოგლერ კირთაძემ მფარველების დახმარებით, რომელიც მას ჰყავს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოში და არა მარტო იქ, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხიდაან მოახერხა საქართველოს საზღვრის დატოვება და გადასვლა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
2016 წლის 30 ნოემბერს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. იმავე დღეს ვინმე მირიან ქარდავამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონ სოფელ ორსანტიაში, გადაამოწმა მზისადარ ლუკავას საცხოვრებელი სახლი, სადაც თითქოს იმყოდებოდა ტოგლერ კირთაძე, რომელსაც გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და მიმალვის მიზნით აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ეს გარემოება არ დადასტურდა და ვერც დადასტურდებოდა, რადგან არ შეესაბამებოდა სიმართლეს, უბრალოდ ეს სპეცოპერაცია ჩაატარეს ფორმალურად. მიუხედავად იმისა, მათ უკვე ჰქონდათ დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ტოგლერ კირთაძეს დატოვებული ჰქონდა საქართველოს საზღვრები.
სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული. მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახ სიცოცხლის მოსპობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა და იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. დღევანდელი მართლმსაჯულების პირობებში არც საქმის გამოძიების პროცესში და არც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, რატომღაც არ იქნენ დაკითხულნი საქმის ძირითადი მოწმეები, რომლებიც 2016 წლის 22 ნოემბერს გიგა ინალიშვილთან ერთდ იმყოფებოდნენ კონფლიქტის წარმოშობიდან მის საავადმყოფოში გადაყვანამდე და უშუალო თვითმხილველები არიან ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა?
რატომ შეიცვალა საქმის არსებითი განხილვის ბოლოს საქმის განმხილველი მოსამართლე? რატომ შეცვალეს მოწმეებმა სასამალრთლო განხილვის პროცესში ჩვენებები, რომლებიც მათ მისცეს გამოძიების პროცესში? ხომ არ იყო მათზე განხორციელებული ზეწოლა, რათა მიეღოთ ისეთი ჩვენება, რომელიც მათ აწყობდათ. რატომაა სასამართლო დარწმუნებული იმაში, რომ შეცვლილი ჩვენებები სწორია და ისევ არ ცრუობენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალო თვითმხილველები არიან მომხდარისა.
საინტერესოა, მოახდინა თუ არა პროკურატურამ სათანადო რეაგირება ცრუ მოწმეებზე? რატომ მეთქვა უარი,როგორც დაზარალებულის, უფლებამონაცვლეს, საქმის გამოძიებისა თუ არსებითი განხილვის პროცესში ჩავრთულიყავი როგორც მხარე და მყოლოდა საკუთარი უფლებადამცველი?


რატომ მეთქვა წერილობით უარი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურისაგან, საქმის მასალების გაცნობაზე? ასევე უარი მეთქვა დასავლეთ საქართველოს სასამართლო ექსპერიზის ბიუროდან ექსპერიზის დასკვნის გადმოცემაზე?
თუ არა ტოგლერ კირთაძემ, მაშ ვინ მოკლა გიგა ინალიშვილი? დამერწმუნებით რომ ის თავს ვერ მოიკლავდა და 8 ტყვიას თავად ვერ დაიხლიდა? საიდან დაასკვნა გამოძიებამ, რომ ტოგლერ კირთაძე იყო დამნაშავე და რატომ იმ პირების მიმართ არ აღძრეს საქმე, ვისი გადაწყვეტილებითაც მოხდა ტოგლერ კირთაძეზე ეჭვის მიტანა? რატომ არ აღიძრა საქმე ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის, შემთხვევის ადგილას ხომ არა მარტო ტოგლერ კირთაძე იმყოფებოდა? ჩხუბში, კამათში კიდევ რამოდენიმე ადამიანი ფიგურირებს და იქნებ არა ერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან იქნა გასროლა განხორციელებული?
თუ ტოგლერ კირთაძე არაა დამნაშავე, დღესაც რატომ იმალება და რატომ დასდეს მას თავიდანვე ბრალი? ტოგლერ კირთაძეს ჰყავს გავლენიანი მფარველები და ასევე ფინანსურად ძლიერი ოჯახი იმისათვის, რომ საქმე მის სასარგებლოდ ჩააწყოს ყველა ინსტანციაში! ამაში ყველანი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ არასამართლებრივი გადაწყვეტილების შემდეგ.
რატომ აფარებენ ხელს მკვლელ ტოგლერ კირთაძეს მაღალი თანამდებობის პირები? ადამიანს,რომელიც თავისუფალია ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისათვის და ჩემსავით კიდევ არაერთ ადამიანს გაამწარებს, დააქვრივებს და დააობლებს. ისევე, როგორც დააობლა ჩემი 10 თვის შვილი?!
ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ სათნადოდ იქნება გამოძიებული და კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი დამნაშავე. მე წერილობით მივმართე საქართველოს სახალხო დამცველს, შინაგან საქმეთა მინისტს, რათა პირად კონტროლზე აეყვანათ გიგა ინალიშვილის მკვლელობის საქმე, გამოეთხოვათ გიგა ინალიშვილის საქმის მასალები და ექსპერტიზის დასკვნები. გენერალურ ინსპექციას გამოევლინა სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შემსრულებლები და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამო მოეხდინათ შესაბამისი დროული რეაგირება, რათა მკვლელი დასჯილ იქნეს კანონის სრული სიმკაცრით, იმ პირებთან ერთად, ვინც ხელს აფარებენ ადამიანის სიცოცხლის მომსპობს. თუმცა ჯერ პასუხი არ მიმიღია.


სავარაუდოდ 15 თებერვლიდან სასამართლო პროცესები გაგრძელდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, არ გამაჩნია იმის ფინანსური საშუალება ვებრძოლო ყველას, მარდოდმარტო ობოლი ბავშვით ხელში, ყველაფერი კი მოგეხსენებათ,რომ თანხებთანაა დაკავშირებული, მე ამის საშუალება არ მაქვს. სად ვიპოვო სამართალი?“
როგორც ხედავთ დაზარალებულს უამრავი პასუხგაუცემელი და სამართლიანი კითხვა აქვს. სამწუხაროდ, იმ ფონზე, როცა დაზარალებულს არა აქვს საშუალება ბოლომდე გაეცნოს მკვლელობის საქმის დეტალებს, არც „თაიმერს“ არა აქვს საშუალება ჩაატაროს ჟურნალისტური გამოძიება, ნახოს საქმის მასალები და გააცნოს მკითხველს, ამიტომ გთავაზობთ მხოლოდ იმ წერილს რომელიც ქალბატონმა ქრისტინა ქაჩიბაიამ მოგვწერა. დასკვნები თქვენთვის მოგვინდია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენაში მონაწილეობის საკითხს ზაალ გოგსაძე გამოეხმაურა
შემდეგი სტატიამიხაელოვის საავადმყოფო იწვის