გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოებს შორის და ცოტა ხნის წინ 60 წლის გახდა, მხოლოდ რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში და ისიც იმიტომ, რომ ინსტიტუტს შენობა წაართვეს. ერთი წლის წინ ხმაური მოჰყვა ყოფილი ინსტიტუტის შენობის ჩამონგრევას, რა დროსაც მუშები დაიღუპნენ. და ამით დასრულდა თემა, თითქოს არც არაფერი ხდება ამ ერთ-ერთ ძლიერ და ძველ ინსტიტუტში.
„თაიმერი“ ესაუბრება პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს:
_ მოდით საუბარი დავიწყოთ „მარტივი თემით“ – რა არის გამოთვლითი მათემატიკა? რამ განაპირობა თქვენი ინსტიტუტის მსგავსი სამეცნიერო კერების არსებობა?
_ ბუნების შეცნობასა და გარდაქმნაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია მათემატიკური მეთოდების ფართო და მრავალმხრივი გამოყენების გარეშე. დიდი იტალიელი მეცნიერი გალილეო გალილეი ხაზგასმით ამბობდა, რომ “ბუნების წიგნი დაწერილია მათემატიკური ენით”. და მართლაც, მათემატიკას სულ უფრო მყარი პოზიციები უჭირავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ტექნიკაში და შეადგენს მათი შინაარსის განუყოფელ ორგანულ ნაწილს. გამოთვლითი მათემატიკა მეცნიერების ერთ-ერთ უძველესი დარგია. ერთი შეხედვით გამოთვლითი მათემატიკა გამოთვლებზე ორიენტირებული მათემატიკაა. ზოგჯერ ასეთ პოზიციასაც შევხვდებით – გამოთვლითი მათემატიკა გარკვეული აზრით არის ინფორმატიკა. ვფიქრობთ, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე შეხედულებაც სწორია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს ჭეშმარიტებას. გამოთვლითი მათემატიკა არის დარგი, რომელიც შეისწავლის მათემატიკური ამოცანების რიცხვით შედეგამდე დაყვანის მეთოდებს და, აგრეთვე, გამოთვლითი საშუალებების გამოყენების მეთოდებს. მისი შექმნა განაპირობა ისეთი პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის აუცილებლობამ, როგორიცაა ციური სხეულების მოძრაობების შესწავლა, რთული ტექნოლოგიური პროცესების მართვა, ამინდის პროგნოზი, ფიზიკური პროცესების მოდელირება და მრავალი სხვა. საზოგადოება დღეს მისულია განვითარების ისეთ დონეზე, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების მართვა წარმოუდგენელია გამოთვლითი მათემატიკის თანამონაწილეობის გარეშე. თანაც ეს თანამონაწილეობა მაღალ პროფესიონალურ დონეზე უნდა იქნეს განხორციელებული, რადგან უმნიშვნელო გადაცდომამაც კი შეიძლება ტრაგიკულ შედეგამდე მიგვიყვანოს. ამის თვალსაჩინო მაგალითია 1991 წლის თებერვალში საუდის არაბეთში დატრიალებული ტრაგედია, როცა იქ განთავსებულმა ამერიკულმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითმა კომპლექსმა “პეტრიოტმა” სარაკეტო დარტყმა თავისიანების, ამერიკელების ყაზარმებს მიაყენა. ტრაგედია ერთი შეხედვით უმნიშვნელო მიზეზმა, რიცხვის დამრგვალების არასაკმარისმა სიზუსტემ გამოიწვია. სახელდობრ, კატასტროფული შეცდომის დადგომამდე თავდაცვითმა კომპლექსმა “პეტრიოტმა” უწყვეტად 100 საათზე მეტ ხანს იმუშავა. დროის ამ პერიოდისათვის, რიცხვების არასათანადო სიზუსტით დამრგვალების გამო, გამოთვლებში დაგროვდა სერიოზული, ჯამური ცდომილება, რომლის შედეგად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითმა კომპლექსმა არასწორად გამოთვალა შემტევი რაკეტის მოძრაობის ტრაექტორია, რასაც 28 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ანალიზმა აჩვენა, რომ კატასტროფა გამოთვლითი მათემატიკის მეთოდების არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია.
_ პრაქტიკულად როგორ წყდება გამოთვლითი მათემატიკის ამოცანები?
_ ადამიანები ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ მუდმივი მოძრაობის სამყაროში. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, მოძრაობს. არის პროცესები, რომლებშიც მოძრაობა უზარმაზარი სიჩქარით მიმდინარეობს და გრძელდება წამის მეასედ, მეათასედ და ზოგჯერ მემილიონედ ნაწილში. მაგალითად, ჰაერის წნევა რაიონში, რომელსაც ციკლონი უახლოვდება, ეცემა ძალიან სწრაფად; კოლოსალური აჩქარებით მოძრაობენ დამუხტულ ნაწილაკთა ამაჩქარებლებში ელემენტარული ნაწილაკები – ისინი წამში მართლაც რომ კოსმოსურ მანძილებს გადიან. მსგავსი დინამიური პროცესების შესასწავლად გამოიყენება გამოთვლითი მათემატიკა, რომელიც მეცნიერებს ეხმარება ამ პროცესების დროში ცვლილების ხასიათის დადგენაში. მრავალი გამოჩენილი მეცნიერი სწავლობდა გამოთვლითი მათემატიკის ამოცანებს, ისინი ურთულეს გამოთვლებს ხელით, ქაღალდზე ასრულებდნენ. რაც საკმაოდ რუტინულ და შრომატევად საქმეს წარმოადგენს. გამოთვლითი მათემატიკის ამოცანების სირთულის გაზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გართულდა შესაბამისი გამოთვლები, რამაც ბუნებრივად მოითხოვა გამოთვლების ტექნიკის სრულყოფა. XX საუკუნის მეორე ნახევარი შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. “საინფორმაციო აფეთქების” დასაწყისად, ტექნოლოგიურმა პროგრესმა დღის წესრიგში დააყენა უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავების აუცილებლობა. დიდი მოცულობის ინფორმაციის შეგროვებამ, შენახვამ, გამოყენებამ და გავრცელებამ მოითხოვა სპეციალური მოწყობილობის არსებობა, რომლის როლიც კომპიუტერმა შეასრულა. კომპიუტერი უნივერსალური ინსტრუმენტია მათემატიკური გამოთვლებისათვის. დღეს კომპიუტერი ადამიანის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროში ფიგურირებს.
_ რა არის გრიდ-ტექნოლოგია და ღრუბლოვანი გამოთვლები, რა ადგილი უჭირავთ მათ გამოთვლითი მათემატიკის ამოცანების გადაწყვეტაში?
_ XX საუკუნის ბოლოს ინტერნეტის შექმნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად არსებითად გაადვილდა ადამიანთა შორის კონტაქტი და მრავალფეროვანი გახდა მათი ურთიერთობის ფორმები, უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი შეიქმნა ინფორმაციის მოძიება-მოპოვება. მოგვიანებით ინტერნეტის გვერდით გაჩნდა ახალი ინფორმაციული ტექნოლოგია – გრიდი (Grid), რომელსაც შეუძლია სუპერკომპიუტერად გახადოს ნებისმიერი, თუნდაც სუსტი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერი. თავიდან გრიდი ჩაფიქრებული იყო და ბოლოს რეალიზდა კიდეც როგორც გეოგრაფიულად დაშორებული კომპიუტერული რესურსების და ადამიანების ერთობლივი საქმიანობის ინფორმაციული ტექნოლოგია. გრიდის მიზანი გამოთვლებია, რომელთათვისაც ჩვენი კომპიუტერის რესურსები არ არის საკმარისი. გარდა ამისა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც დღეს გრიდ-ტექნოლოგიების წინაშე დგას, წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის ამოცანას: გახადოს მსოფლიოში არსებული უზარმაზარი ინფორმაცია მინიმალურ დროში შეფერხების გარეშე ხელმისაწვდომი. გრიდ-ტექნოლოგიის განვითარებას მძლავრი ბიძგი მისცა გიგანტურმა და კაცობრიობის ისტორიაში ტექნოლოგიურად ყველაზე რთულმა სამეცნიერო პროექტმა, რომელიც CERN-ის სახელითაა ცნობილი. ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, ანუ CERN-ში, მრავალი ქართველი, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც წარმატებით მოღვაწეობენ. CERN-ისთვის გრიდ-ტექნოლოგია არსებით ტექნოლოგიურ რესურსს წარმოადგენს, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ასობითი გამოთვლითი ცენტრის ათასობით კომპიუტერია გაერთიანებული. უკანასკნელ პერიოდში გაჩნდა ხარისხობრივად ახალი კომპიუტერული ტექნოლოგია Cloud Computing („ღრუბლოვანი გამოთვლები“), რაც ვირტუალურ კომპიუტერს ნიშნავს და რომლის გამოყენების იდეა ძალიან საინტერესო ჩანს გრიდ-ტექნოლოგიებში. იმისათვის, რომ შევძლოთ გრიდ და ქლაუდ-ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება და განვითარება, აუცილებელია საქართველოში არსებობდეს მძლავრი გამოთვლითი ცენტრი.
_ როდის და რატომ შეიქმნა თქვენი ინსტიტუტი?
_ 2010 წლის რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუერთდა 14-მდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მათ შორის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომელიც 1956 წელს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელი პრეზიდენტის, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის ინიციატივით, რომლის სახელსაც ინსტიტუტი 1977 წლიდან ატარებს. ნიკო მუსხელიშვილმა სწორად განჭვრიტა გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის განვითარების პერსპექტივები და მნიშვნელობა, როგორც წმინდა მეცნიერული, ასევე გამოყენებითი თვალსაზრისით. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში დაიდგა და ამოქმედდა საქართველოში პირველი გამოთვლითი მანქანა, დამუშავდა პირველი კომპიუტერული პროგრამული პაკეტები. სულ მალე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა დაიკავა განმსაზღვრელი ადგილი საქართველოში ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის ათვისების, მისი გამოყენების ტრადიციების ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების საქმეში. ინსტიტუტში აღზრდილმა სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში მათემატიკისა და ინფორმატიკის განვითარების საქმეში. დღეს მრავალი მათგანი წარმატებით საქმიანობს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დაარსების დღიდან ინსტიტუტში თეორიულთან ერთად მუშავდებოდა სხვადასხვა გამოყენებითი ხასიათის ამოცანა, რომელთა შორისაა ენერგეტიკული სისტემების ოპტიმალური ფუნქციონირება; მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ტრასის ოპტიმიზაცია; გამოყენებითი პროგრამული პაკეტების შექმნა სამშენებლო გათვლებისთვის; საექსპერტო სისტემების და დისტანციური სასწავლო პაკეტების შექმნა და სხვა.
_ რას იტყვით ინსტიტუტის პოტენციალის შესახებ?
_ ჩვენი ინსტიტუტი ახალგაზრდების მწვავე დეფიციტს განიცდის. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოს თითქმის ყველა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. ახალგაზრდებში მეცნიერებამ მიმზიდველობა დაკარგა, რასაც ამ ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათთან დაკავშირებულმა მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. სამწუხაროა დღევანდელი საზოგადოების ერთგვარი გულგრილი დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ. მოწინავე მეცნიერული ცოდნის დანერგვა-განვითარება ჩვენს ქვეყანაში წარმატებულ განათლების სისტემას განაპირობებს და პირიქით. “სკოლა, უნივერსიტეტი, მეცნიერება” – ეს ერთი მთლიანის განუყოფელი შემადგენელი ნაწილებია. თითოეული მათგანი მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს. განათლებასა და მეცნიერებაში დაბანდებული კაპიტალი უკუგებას უცებ არ იძლევა. მისი უკუგება ჩვენი შვილების განათლება და მათი (და, მაშასადამე, ქვეყნის) წარმატებული მომავალია. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლებამ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს 2015 წლიდან დაფინანსება საშუალოდ სამჯერ გაუზარდა. ასეთი მკვეთრი ზრდა უპრეცენდენტოა ბოლო 25 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების ყურადღება მომავალშიც არ შენელდება, დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისად ინსტიტუტი შეძლებს მოიზიდოს ახალგაზრდა კადრები, დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, რაც მისი გადარჩენის ტოლფასია. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ინსტიტუტში დღეს შესაძლებელია ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანი: ქვეყნის უსაფრთხოებასთან და ტერორიზმთან დაკავშირებული მრავალვარიანტული სიტუაციების ანალიზი; ბუნებრივი ან ტექნიკური ხასიათის კატასტროფის შემთხვევაში მოვლენათა შემდგომი შესაძლო განვითარების ანალიზი; სატრანსპორტო სისტემების ფუნქციონირების რეგულირება; კლიმატის მოდელირება, ამინდისა და მიწისძვრების პროგნოზირების მათემატიკური მოდელების აგება და შესწავლა; სამედიცინო მომსახურება (გრიდ-მედიცინა), გადაწყვეტილებათა მიღების მხარდამჭერი კლინიკური სისტემა; ეკონომიკური პროცესების (მათ შორის, ფინანსური ბაზრის) შესწავლა მათემატიკური მოდელირების გამოყენებით და ამ პროცესების ოპტიმიზაციის პრობლემების ანალიზი; დემოგრაფიული პრობლემების ანალიზი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების საშუალებით; ინფორმაციული უსაფრთხოების კომპიუტერული სისტემების აგება და შესწავლა და მრავალი სხვა.
_ რა გამოწვევები დგას ინსტიტუტის წინაშე და როგორია პერსპექტივები?
_ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს და დიდი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავებას. მათ გადასაჭრელად აგებული და გამოკვლეული უნდა იქნას თანამედროვე მეთოდები, რომელთაგან უმთავრესია ეგრეთ წოდებული პარალელური თვლის ალგორითმები. ეს ალგორითმები მოითხოვს გრიდ და ქლაუდ-ტექნოლოგიების გამოყენებას, რომელთა სარგებლობა საშუალებას მოგვცემს ჩავერთოთ საერთაშორისო კომპიუტერულ ქსელში და გამოვიყენოთ მსოფლიოს მოწინავე კვლევით ცენტრებში შექმნილი და აპრობირებული კომპიუტერული ტექნოლოგიები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. სახელდობრ, მიმდინარე წლის ბოლომდე ტექნიკურ უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში დაიდგმება და ამოქმედდება საქართველოში პირველი სუპერკომპიუტერი, რომელიც ჩაირთვება გრიდ-სისტემაში და მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დაკვეთებს. პერსპექტივებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას აქვს წინასწარი შეთანხმება როგორც CERN-თან, ასევე დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტთან, რომლებმაც აღგვითქვეს მჭიდრო თანამშრომლობა და დახმარება კადრების მომზადება-გადამზადების მიმართულებით.
_ მიმდინარე წლის აპრილში ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაიმართა რამდენიმედღიანი აქცია, რომელსაც დღეს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. რას იტყვით ამ მოვლენებთან დაკავშირებით?
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აპრილში განვითარებული მოვლენების სატელევიზიო სივრცეში ასახვამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ძალები დიდი მონდომებით ცდილობდა საზოგადოების არაინფორმირებულობის გამოყენებას უნივერსიტეტში ბოლო წლებში განხორციელებული სასიკეთო ძვრების შესახებ. ერთ-ერთმა პარლამენტარმა გააკეთა, რბილად რომ ვთქვათ, საფუძველს მოკლებული და უსამართლო დასკვნა, რომ თითქოს 15 წლის წინათ ტექნიკურ უნივერსიტეტს უფრო მაღალი მიღწევები გააჩნდა, ვიდრე დღეს. შეუძლებელია მას ყური არ ჰქონოდა მოკრული მოარულ ხმებზე მაშინდელ ტექნიკურ უნივერსიტეტში გამეფებულ კორუფციაზე, ან თუნდაც იმაზე, რომ ასეთმა “წარმატებულმა” უნივერსიტეტმა სულ რამდენიმე წელიწადში აკრედიტაცია დაკარგა. როგორც ჩანს, საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს, თუ რა კეთდება თითოეულ შემოერთებულ ინსტიტუტში, თითოეულ ფაკულტეტზე და საერთოდ უნივერსიტეტში, რათა მომავალში არავის მიეცეს სპეკულაციების საშუალება.
ჩვენი ინსტიტუტი ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელსაც წინა ხელისუფლებამ შენობა წაართვა და თანამშრომლები ქუჩაში გამოყარა. თვეების განმავლობაში ვაპროტესტებდით ამ ძალადობას, მივმართეთ ყველა სახელისუფლებო ინსტანციას, ამაოდ ვეხვეწებოდით ტელეჟურნალისტებს მოსულიყვნენ ჩვენთან და გაეშუქებინათ შექმნილი ვითარება, საკუთარი თვალით ენახათ როგორ იდგნენ თვეობით ყოველ სამუშაო დღეს ინსტიტუტის ჭიშკართან საპროტესტო აქციაზე მისული მეცნიერები. მხარდაჭერისთვის განცხადებით მივმართეთ სახალხო დამცველსაც, მაგრამ ჩვენ თხოვნაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ამ ფონზე ინსტიტუტის თანამშრომლების გაკვირვებას იწვევს ტექნიკური უნივერსიტეტის პრობლემებისადმი სახალხო დამცველის აშკარა ტენდენციური დამოკიდებულება, რაც გამოიხატა მის მიმდინარე წლის 14 ივლისის რეკომენდაციებში. დაუჯერებელია, რომ სახალხო დამცველის აპარატში არ იცოდნენ, რომ რექტორის არჩევის მართლზომიერების საკითხის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. რა მოვიქცეთ ახლა, არ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვიმოქმედოთ სახალხო დამცველის რეკომენდაციით? სასამართლო აღარაა საჭირო?
იმ ძნელბედობის ჟამს ერთადერთი, ვინც მტკიცედ ამოგვიდგა მხარში, იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, რომლის შუამდგომლობითა და დაუღალავი მცდელობით დღევანდელმა ხელისუფლებამ ინსტიტუტს გამოუყო შენობა, ტერიტორია და მნიშვნელოვანი თანხა სარეაბილიტაციოდ. ინსტიტუტის თითოეულმა თანამშრომელმა კარგად იცის, რომ უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ძალისხმევის გარეშე ჩვენი პრობლემა დღესაც გადაუჭრელი დარჩებოდა. უფრო მეტიც, რექტორის ინიციატივით ინსტიტუტმა დაიწყო თანამშრომლობა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრთან, CERN-თან, გამოინახა საერთო შეხების წერტილები და შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენს ინსტიტუტში უმოკლეს ვადაში დამონტაჟდება სუპერკომპიუტერი, რომელიც თავისი მახასიათებლებით პირველი იქნება ამიერკავკასიის რესპუბლიკებში და თითზე ჩამოსათვლელია ევროპის ის უნივერსიტეტები, რომლებშიც ანალოგიური შესაძლებლობის კომპიუტერი ფუნქციონირებს. CERN-ი დაინტერესებულია მისი ამოქმედებით და მიმდინარე წლის ბოლოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ველოდებით სპეციალისტებს CERN-იდან, რომლებთანაც ერთობლივ ვორკშოპზე დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე პრობლემების განხილვა და შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ასევე, ინსტიტუტის მეცნიერთა დიდი ნაწილი უნივერსიტეტის ხელშეწყობით ჩაერთო სასწავლო პროცესში, ინსტიტუტის ბაზაზე მზადდება სამაგისტრო პროგრამა უახლესი და საქართველოსთვის უნიკალური და მეტად აქტუალური მიმართულებით. დიახ, ასე მოხდა თითქმის უფუნქციოდ დარჩენილი ინსტიტუტის მკვდრეთით აღდგენა და მისი ჩართვა საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ამოცანების გადაწყვეტაში. ამ მდგომარეობამდე მისასვლელად ძალიან რთული და ძნელი გზა გავიარეთ. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ იდეის ავტორი, შემოქმედი და ორგანიზატორი არის არჩილ ფრანგიშვილი. ეს იცის ყველამ, როგორც ინსტიტუტის შიგნით, ასევე მის გარეთაც. მაპატიეთ, შეიძლება სადღეგრძელოსავით გამომივიდა, მაგრამ ამის არდანახვა, ჩემი აზრით, დიდი უსინდისობა და უმადურობაა. რაც შეეხება მისი არჩევის კანონიერება-არაკანონიერებას. ამაზე ბევრი ითქვა და სხვა გზა, გარდა სამართლებრივი გზისა, არ არსებობს, თუ არ გვინდა, რომ ქვეყანა ქაოსში ჩაიძიროს. ჩემი ღრმა რწმენით, ამას, უპირველეს ყოვლისა, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრი უნდა მოგვიწოდებდეს და ამ გზას, ცხადია, უნდა დაადგეს ყველა, თუ მისი მიზანი სწორედაც რომ კანონიერების დაცვაა და არა საკუთარი მიზნების მისაღწევად “ლინჩის წესისა” და არეულობის დამკვიდრების ხელშეწყობა ამ ქვეყანაში.