რა გაკეთდა ნარმანიას მერობის დროს თბილისში

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

 

narmaniaოპოზიცია, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბლისის მერს ათას ბრუნვაში ატრიალებს. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტუალური ე.წ. „ნარმანიას სახელობის ორმოები“ და მილიონი ხე არის, თუმცა ამიერიდან, ოპონენტებს, როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ, რადგან ორი დღის წინ, დავით ნარმანიამ ერთი წლის ანგარიში წარმოადგინა და ინფრასტრუქტურულ პროექტების პარალელურად, იმაზეც ისაუბრა, რომ წინასაარჩევნო დანაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია. ამ კონტექტში აღსანიშნავია, რომ თბილისში, ბოლო ერთი წლის მანძილზე, როგორც ნარმანიამ „რედისონში“, აგარიშის პრეზენტაციის დროს აღნიშნა, ნახევარმილიონამდე ხე უკვე დაირგო.

თბილისის მერის თქმითვე, დედაქალაქის ბიუჯეტი მოქალაქეებისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი თემების გათვალისწინებით მოხდა, როგორებიცაა ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის განვითარება, გარემოს დაცვა თუ სკოლამდელი განათლება.

ამას გარდა, 2015 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც დედაქალაქს ნარმანია და მისი გუნდი მართავს, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები 1 853 000 ლარით შემცირდა, და ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიზნით, მიმდინარე 2015 წელს, საქალაქო სამსახურებისა და რაიონული გამგეობების საპრემიო ფონდი 8 718 500 ლარით განისაზღვრა, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელზე (11 786 000 ლარი) 3 067 500 ლარით ნაკლებია.

ნარმანიას მერობის პრეიოდშივე, გაორმაგებულა ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამები. ზოგიერთი პროგრამა კი, მაგალითად, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, პირველად განხორციელდა და 280 ბენეფიციარი, დაახლოებით, 110 000 ლარით დაფინანსდა.

„პირველად დაიწყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ლეიკემიის მქონე პაციენტებს სრული მკურნალობა უტარდებათ. პროგრამის ფარგლებშივე, დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა და თითოეულ ბენეფიციარს, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოეყო. ამიტომ, თბილისში მაცხოვრებლებისთვის ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი ცალსახა განაჩენს აღარ ნიშნავს, ვინაიდან თბილისის მერია, საყოველთაო დაზღვევის პროგრამასთან ერთად, მათი ოპერაციის, მედიკამენტების, ამბულატორიული მომსახურების, რადიოლოგიური კვლევების დაფინანსებასაც უზრუნველყოფს,“ – აცხადებს ნარმანია, რომლის ინფორმაციითაც ამ მიმართულებით, 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, 45 000-მდე მოქალაქისთვის 36 მილიონი ლარი გამოიყო.

თბილისის მერიამ თანხა, ასევე, გამოყო C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვისათვის საჭირო კვლევების დაფინანსებისთვის, კერძოდ, 51 ათასი ლარით C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების სწრაფი (მარტივი) ტესტირების მეთოდი 560 მოსარგებლეს ჩაუტარდა.

ერთი წლის განმავლობაში, როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მერიამ სოციალური მომსახურების 4 ახალი პროგრამა დაიწყო:

ეს პროგრამებია: 1. სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარების პროგრამა (დაფინანსებული შემთხვევების რაოდენობა – 421. გადარიცხული თანხა – 210 500 ლარი).

  1. სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შშმ პირების დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დახმარება ორ ეტაპად – მაისსა და დეკემბერში, 400-400 ლარის ოდენობით ირიცხება. მიმდინარე ეტაპზე დახმარება 849 პირს გაეწია. გადარიცხულმა თანხამ კი, 339 600 ლარი შეადგინა.
  2. სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დახმარება სამ ეტაპად – მაისში, აგვისტოსა და დეკემბერში, 300-300 ლარის ოდენობით ირიცხება. აგვისტოს ჩათვლით, დახმარება 811 პირს გაეწია. გადარიცხული თანხა კი, 471 000 ლარია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი კი, 400 000 ლარია.

  1. უსინათლოთა გამცილებლით მომსახურების პროექტი, ბრაილისა და ბრტყელი შრიფტით საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალების გამოცემა, ჟესტური ენის სპეციალისტების მომზადების პროექტი და სხვა.

თბილისის მერის მონაცემებით, არსებული პროგრამებით სარგებლობის წესები და ადმინისტრირება გამარტივდა. ასევე, გამარტივდა ნარკოდამოკიდებულ პირთა პროგრამაში ჩართვის მექანიზმები; გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამას კი, მოსახლეობაში ცხოვრების  ჯანსაღი წესისა და უნარ-ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობის კომპონენტი დაემატა. ამასთან, სოციალური დახმარების რიგ პროგრამებში გაიზარდა ფულადი სარგებლის ოდენობა (სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება; სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ,,ახალშობილთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება“; 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება; ომის ვეტერანების დახმარება; სოციალურად დაუცველი ბავშვების უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში; სოციალურად დაუცველი ბავშვების უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში; სოციალურად დაუცველი ბავშვების უფასო სწავლება სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში). მთლიანობაში, აღნიშნული პროგრამების დაფინანსება 4,1 მილიონი ლარით გაიზარდა და 9,9 მილიონი ლარი შეადგინა.

საერთო ჯამში, ერთი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებისათვის, თბილისის მერია, ბიუჯეტიდან, 400 000-დან 500 000 ლარამდე ხარჯავს.

ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თბილისში გაზრდილა  სასწრაფო დახმარების მომსახურების ხარისხი და ოპერატიულობაც, რაც, როგორც ნარანიამ აღნიშნა, ახალი ახალი რეგლამენტის შედეგია და, შესაბამიად, სასწრაფოს ბრიგადა გამოძახების ადგილზე, მინიმუმ, 12-15 წუთით უფრო სწრაფად ცხადდება.

ანაზღაურება გაეზარდათ  ფილიალის მენეჯერებს, სამედიცინო ბრიგადებსა და მედდებს, რამაც გაზარდა დასაქმებულთა მოტივაცია და შესაბამისად, მომსახურების ხარისხიც გაუმჯობესდა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ხელი ახალი სამედიცინო გეოგრაფიული რუკის შემუშავებამ და ქალაქ თბილისის, სხვადასხვა რაიონებში, სამედიცინო დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურების ახალი ქვეპუნქტების შექმნამაც შეუწყო (მაგალითად, ახალი ქვეპუნქტები კოჯორსა და ზემო ფონიჭალაში გაიხსნა). შეიქმნა ახალი რაიონული სამსახური, რომელიც მოემსახურება თბილისის ზღვის  და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას, ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების ოპერატიულობისა და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე,“ – ამბობს თბილისის მერი.

„მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში ერთი მოქალაქეც აღარ იყინება, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა“, – აცხადებს დავით ნარმანია, რომლის მონაცემებითაც, 2013 წლიდან მოქმედი ე.წ. კარვების თავშესაფრის შემდეგ, პირველად აშენდა 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფარი. ასევე, პირველად დამტკიცდა უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი. გარდა ამისა, გაიწერა შშმ პირებისათვის გარემოს ადაპტირების 3-წლიანი სტრატეგია, რომლის თანახმადაც, უკვე მიმდინარეობს შშმ პირებისთვის ბარიერების სრულად მოხსნა.

სხვათა შორის, 2016 წლიდან, შშმ პირებისთვის, ქალაქში ახალი ადაპტირებული ავტობუსები იმოძრავებენ. საერთო ჯამში, 2016 წლიდან თბილისის ავტო-პარკს 200-მდე ახალი ავტობუსი შეემატება, რის გამოც თბილსის ხელმზღვანელობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მუშაობს.

ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე ნარამნია თბილისის განაშენიანებასაც შეეხო და განაცხადა: ჩემი საარჩევნო პროგრამის შესაბამისად, თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი ჩავატარეთ. ახალი კონცეფცია დაეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა ჯანმრთელი ქალაქი, მწვანე ქალაქი, საცხოვრებლად მოსახერხებელი ქალაქი, კომპაქტური, რესურს-დამზოგავი და „ჭკვიანი ქალაქი“, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ქალაქი. ყოველივე აქედან გამომდინარე, მალე თბილისი ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული ქალაქი იქნება.

ნარმანიამ ისიც აღნიშნა, რომ პირველად თბილისის ისტორიაში, შემუშავდა გარემოსდაცვითი სტრატეგია, რაც ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ანუ თბილისში 2.5 მლნ მ2-მდე ტერიტორიას, დამატებით, სარეკრეაციო ზონის სტატუსი  მიენიჭა. გარდა ამისა, გაფართოვდა ბოტანიკური ბაღი, თბილისის ზღვაზე დენდროლოგიური პარკის მოწყობა დაიწყო. ვერეს ხეობას კი სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა, შესაბამისად, „მზიურის“ ტერიტორიისა და მთლიანად ხეობის განვითარება მხოლოდ სარეკრეაციო ფუნქციით მოხდება.

„ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ მოწესრიგებაზე. მიმდინარეობს გზების კაპიტალური მშენებლობა. ამ დროისათვის დასრულებულია შემდეგი ქუჩების კეთილმოწყობა _ ელბაქიძის ქუჩა (ელბაქიძის აღმართი), თამარ მეფის გამზირი, თამარაშვილის ქუჩა, კოჯრისა და სამადლოს გზის მონაკვეთი, თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელი გზა, თბილისის ზღვის 11-კილომეტრიანი შემოვლითი გზა, მეტეხის საგვირაბე კომპლექსის გაგრძელებაზე არსებული ხიდები, მდინარე დიღმულაზე არსებული ხიდი და სხვა… ჯამში, ერთი წლის განმავლობაში, 1 მილიონი კვადრატულ მეტრამდე გზა დაიგო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერი სხვა წინა წლის მაჩვენებელს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ გრძელდება მუშაობა ბარათაშვილის, ზაჰესისა და მუხათგვერდის ხიდების მოდერნიზაციაზე. ამასთან, სხვა ახალი გზების მშენებლობის პარალელურად, იწყება პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის სამუშაოებიც.

2014 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე, შეჩერებული იყო საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ტენდერების გამოცხადება. გაფორმებულ ხელშეკრულებებში კი, არ იყო დამკვეთის უფლებების დაცვის მყარი გარანტიები, რაც სამუშაოების ხარისხს ეჭვქვეშ აყენებდა. ახალი ტენდერების გამოცხადებასა და არსებული ხელშეკრულებების ხარვეზების გამოსწორებას კანონმდებლობით დადგენილი ვადები დასჭირდა. ამიტომ სამუშაოების წარმოება მხოლოდ 2014 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში მოესწრო, მაგრამ მიუხედავად ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, 2014 წლის ბოლო 3 თვეში, უტოლდება წინა ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ამავე ტიპის სამუშაოებში ბიუჯეტის ათვისებას, –  აღნიშნა თბილისის მერმა.

ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე დავით ნარმანია ბაგა ბაღების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ბოლო ერთ წელში, თბილისში, 7 საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც დამატებით 2 500 აღსაზრდელს ემსახურება. 125 საბავშვო ბაღს სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო ჩაუტარდა. მომავალ წელს კი დედაქალაქში კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.

სხვათა შორის, ე.წ. კომუნალური  სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველი (70 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე) 38 000 ოჯახისთვის, 9.5 მილიონი ლარის ნაცვლად, 19 მილიონი ლარი დაიხარჯა. საერთო ჯამში, მერის მონაცემებით, 2013-2014 წლებში, უფასო სასადილოებში კვებით უზრუნველყოფას 26529 ადამიანი იღებდა, 2014-2015 წლებში კი, _ 32167 ადამიანი.

2013-2014 წლებში, უფასო მედიკამენტებით 20189 ბენეფიციარი დაფინანსდა, 2014-2015 წლებში ეს რიცხვი 42711 მდე გაიზარდა.

2013-2014 წლებში, სამედიცინო მომსახურება 3844 მოქალაქეს, 2014-2015 წლებში კი 7582 მოქალაქეს გაეწია.

2013-2014 წლებში, ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2076 მოქალაქეზე გაიცა, 2014-2015 წლებში კი, ეს რიცხვი თითქმის 9-ჯერ გაიზარდა და 18432 შეადგინა.

2013-2014 წლებში, საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფით ისარგებლა 943 მოქალაქემ, 2014-2015 წლებში კი, _ 1150 მოქალაქემ.

2013-2014 წლებში, საშენი მასალებით დახმარება 1880 მოქალაქეს გაეწია, 2014 -2015 წლებში კი, – 1945 მოქალაქეს.

„ერთი წლის განმავლობაში, საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის შესრულება შევძელით, თუმცა ცხადია, რიგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ყველა პრობლემას აუცილებლად დავძლევთ“, – პირობას დებს თბილისის მერი.

ისე, აღსანიშნავია, რომ დავით ნარმანიას ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას ოპოზიციის მხრიდან დიდი აჟიოტაჟი არ მოყოლია, რაც ორი ფაქტორით აიხსნება: ან ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, ან ნარმანიას ანგარიში ე.წ. შეწყალების კომისიის სკანდალმა შთანთქა.

ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშიქართველების და აფხაზების შეხვედრა ერევანში
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა