რა აკავშირებს ბიძინას, ბიტკოინს და ჩატაევს ერთმანეთთან?!

გიხაროდენ!!!

ჯანსუღ ჩარკვიანმა იკითხა ერთხელ – მართლა ვერ გავიგე ვისი ვიოლინო ვის როიალშია. მარადიული კითხვაა, მით უმეტეს კოჰაბიტაციის პირობებში. დღეს მოცემულობა ასეთია – ნაციონალურ პარტიაში არაა იმდენი ნაცი, რამდენიც ქართულ ოცნებაში, ამიტომაა ხალხმა უკვე გაცვეთილი სიტყვა – კოჰაბიტაცია – კო-ხუ-აბიტაციად რომ გადააკეთა, ხოლო მმართველ ძალას ქოციონალიზმი უწოდა. ქოციონალიზმი ბევრად უტიფარი აღმოჩნდა (სამწუხაროდ), ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. ქოციონალიზმს არ ადარდებს მწირ ხელფასზე ან უხელფასოდ ბედის ანაბარად დარჩენილი უმრავლესობა, ქოციონალიზმს არც არჩევნები ადარდებს… ქოციონალიზმს ბევრი რამ არ ადარდებს, ქოციონალიზმს „კეთილების მოკითხვაც“ კი არ ეხერხება „მაღალხარისხიანი“. კითხვები არის, პასუხები – არა! უტიფარ ხელისუფალს არც ის ადარდებს, რასაც კახა მიქაიამ უთხრა „თაიმერს“:

დამთავრდა 2017 წელი, რომელიც ძალიან მძიმე წელი იყო. მოდით, დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილი ბიტკოინებთან ერთად სოლოლაკის შუშის სასახლეში, პრემიერი კვირიკაშვილი თავის მინისტრებთან და კეთილებთან ერთად ბანკებში და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებში, კახი კალაძე სტეფანესთან და მის მოჟრიამულე მომხრეებთან ერთად დედაენის ბაღში ნაძვის ხესთან, ნაცები დავტოვოთ სახურავზე, ხოლო სახურავიდან გადმომხტარი ნაცები კი თამარ ჩერგოლეიშვილის კალთაში, დანარჩენი ოპოზიცია სხვადასხვა ტელეეთერებში, სალონებსა და სახელოსნოებში…

-სამეგრელოს ხელისუფლება?

წინასაარჩევნო ბილბორდებზე ან ანაკლიის პორტის ბილბორდზე, დავტოვოთ ყბადაღებული ,,სამართლიანობის აღდგენა” პროკურატურის ობმოდებულ თაროებზე და შეძლებისდაგვარად შევაფასოთ 2017 წელი, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად, სოციალურად თუ ეკონომიკურად ძალიან რთული და მძიმე აღმოჩნდა.
მთავარი თემები, რომელსაც მე გამოვყოფ, ეს არის: თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე, აქვე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და მთელ ხეობას ამ მართლაც საშინელი ტრაგედიის გამო. აგრეთვე გამორჩეული საქმეა თბილისის შუაგულში ჩატარებული სპეცოპერაცია და ჩატაევის ლიკვიდაცია, რომელშიც დღემდე გაურკვევლობა და უამრავი კითხვის ნიშანია. ასევე მნიშვნელოვანია მუხთარლის საქმე, რომელსაც აზერბაიჯანულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თქვენ იცით, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი, საქართველოს ხელისუფლებამ კი გამჭვირვალედ ჩაატაროს გამოძიება. ციანიდის საქმე, რომელმაც თვალსაჩინო გახადა საპატრიარქოში არსებული პრობლემები და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, შოკი გამოიწვია მთლიანად ქართულ საზოგადოებაში. თბილისის ორმოცდამეთერტმეტე სკოლაში დატრიალებული ტრაგედია, რომელიც მიუთითებს არა მხოლოდ განათლების სისტემაში, არამედ ქართულ საზოგადოებაში არსებულ მორალურ და სოციალურ კრიზისზე. ყოველივე ამას ემატება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, აზიური ფაროსანა, რომელმაც , პრაქტიკულად მშიერი დატოვა სამეგრელოს მოსახლეობა და არა მარტო იგი.
ერთი შეხედვით მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება უძლური იყო ამ პრობლემების წინაშე, არადა არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრა არ შეიძლება. ყველა ეს მოვლენა, რომელიც მე ჩამოვთვალე, ბადებს კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა კომპეტენტური, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხელისუფლების პირობებში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის თუ ტრაგედიის თავიდან აცილება?!
დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელი იყო!
სამწუხაროდ, დღემდე, საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ ისწავლა წინარე ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე, მეტიც, უარესი შეცდომები დაუშვა…
პანკისის ხეობა ძალიან სათუთი თემაა. რა თქმა უნდა, ტერორიზმი არის დასაგმობი, მას გამართლება არ აქვს.
ქალაქის ცენტრში ტერორისტები არ უნდა ბინადრობდნენ!
ხელისუფლება, რომელიც ვერანაირ პრევენციულ ზომებს ვერ ღებულობს და მხოლოდ მომხდარ ფაქტზე რეაგირებს, ხელისუფლება არ არის. ასე რომ, 2017 წელს მივიღეთ ერთი მთლიანი ჯაჭვი დიდი შეცდომებისა, არაპროფესიონალიზმისა და უნიათობისა! აქედან გამომდინარე, დაცული არ არის ადამიანის უსაფრთხოება. 2017 წლის საქართველოში დადგა პრობლემა ადამიანის სიცოცხლის დაცულობისა!
საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი , ესენი ხელისუფლებაში არიან თუ ისევ “ქართუ ბანკის” სალაროებში?!

-ბატონო კახა, გამოსავალს რაში ხედავთ?

ხელისუფლების ცვლილებაში, თუმცა, ჯერჯერობით არ ჩანს ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების შეცვლის რეალური შანსი. სწორედ ამაშია პრობლემა. ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა ოპოზიციის სისუსტე. ხელისუფლებამ ძალიან კარგად შეძლო არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, შეენარჩუნებინა ნაციონალური მოძრაობა მთავარ ოპოზიციურ ძალად და დარჩენილიყო ხელისუფლებაში. ხელისუფლებას არ ჰყავს რეალური კონკურენტი! და თუ ხელისუფლებას ჰგონია, მართვის ასეთი მეთოდებით 2030-წლამდე (როგორც ამბობენ) გაძლებს და ყველაფერი კარგად იქნება, მე ასე არ ვფიქრობ, ეს ყოველივე კატასტროფული შედეგით შეიძლება დასრულდეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილს სიტუაციის გამოსწორების შანსი კიდევ აქვს, რადგან პოლიტიკური ცვლილების რეალური რესურსი მხოლოდ მას გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი თუ ვერ ხედავს , ვერ აანალიზებს და ვერ გრძნობს სიტუაციის სიმძიმეს, ეს ყველაფერი ბოლოს მას კარებზე მიუკაკუნებს. ეს არ არის კვირიკაშვილის, არც კალაძის, არც ნაძვის ხის და არც სტეფანეს ხელისუფლება. ეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაა! თუ ბატონი ბიძინა ჟურნალისტის მიერ მაჩალიკაშვილის თაობაზე დასმულ კითხვაზე თავის არიდებით აპირებს პრობლემების ,,მოგვარებას,” მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე…

-ბატონო კახა, “თაიმერმა” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროს ბაკურ გულუასა და მის თანამშრომლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა. მასალაში აღნიშნული იყო თუ როგორ აიძულებდა ბატონი გულუა თანამშრომლებს მაკოპრომენტირებელი მასალების ჩაწერას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გავრცელებული ინფორმაცია სანახევროდ დაადასტურა და როგორც ცნობილია, შიდა მოკვლევა დაიწყო.

-ბაკურ გულუა როლანდ ახალაიას დავალებით ცდილობდა ჩემს მეგობრებში დისონანსის შემოტანას, კრიმინალების ჩანერგვას და ჩემს განადგურებას. შემიძლია ეს ვიდეო გადმოგცეთ. ნახოს საზოგადოებამ, ვინ არის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბაკურ გულუა.. ბაკურ გულუა მიშა სააკაშვილის ხელისუფლების სახეა, რომელიც დღეს ,,ქართული ოცნების” სახედ გადაიქცა!!!

-ანუ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ?

-დიახ. მინდა ხელისუფლებას მივმართო, ბაგურ გულუებით ვერ გაფრინდებით, ბიჭებო!
მხოლოდ ჩაკეტილ წრეში იტრიალებთ!!!

banner
წინა სტატიაშიოთარ აბესაძე – მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, შექმნილი ძალიან დიდი უხერხულობისა და ამ მდგომარეობისთვის
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – კალაძე დიდ თანხებს დახარჯავს პიარში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რიგითი თბილისელების ცხოვრება გაუმჯობესდება