ქრთამის აღების ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ყულარის თემში კაშამ კარაევი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კაშამ კარაევი საქართველოს მოქალაქე გიორგი კ.-ს და ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქე აშოკ კ.ს-ს დახმარებას დაჰპირდა 50 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილწარმოშობის ცნობის დამზადებაში, სადაც მითითებული იქნებოდა ყალბი მონაცემები.

აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, კაშამ კარაევმა ქრთამის სახით 5 500 ლარი მოითხოვა, საიდანაც 500 ლარი წინასწარ აიღო, ხოლო 5000 ლარი ცნობის გადაცემის დროს.

კაშამ კარაევი თანხის გადაცემის დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 5 000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშინავთლუღის ბაზრის ტერიტორია უნებართვო კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიამიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა