ქორწინების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება

80 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი საკონსტიტუციო ინიციატივის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე თვლის, რომ კანონპროექტი დასამტკიცებლად საჭირო ხმების დაგროვებას შეძლებს.

“რადგან საზოგადოებაში ეს აზრი მომწიფდა და ხალხს უნდა, რომ მტკიცედ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი იქნება, ჩვენ როგორც პარლამენტარები, ადამიანები, რომლებმაც უნდა მოვუსმინოთ ხალხის ხმას, ვფიქრობთ, რომ სწორი ინიციატივაა. ვფიქრობ, კანონპროექტის დასამტკიცებლად საჭირო 113 ხმა შესაძლოა, დაგროვდეს”, – განაცხადა მაღრაძემ “პირველ პრესკლუბში” სტუმრობისას.

შეგახსენებთ, პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება”.

პროექტის ავტორი შემდეგი ფრაქციებია: “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება – კონსერვატორები”, “ქართული ოცნება – მრეწველები”, “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი””. პროექტის ინიციატორი კი, 80 დეპუტატია, მათ შორის არიან ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები. იმის მიუხედავად, რომ “რესპუბლიკელები” ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, მათი ფრაქციიდან, პროექტს ორი დეპუტატი – ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერენ ხელს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის მეფემ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა
შემდეგი სტატიათურქეთმა შენგენის ზონის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გამოაცხადა