ქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, შ.პ.ს. ,,მედეა“-ს, შ.პ.ს. ,,ნიკა“-ს, შ.პ.ს. ,,მარი“-ს, შ.პ.ს. ,,საბა 11“-ს და შ.პ.ს. ,,ევროლუქსი“-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრადებულმა ზემოაღნიშნული კომპანიების სახელით საქართველოში განახორციელა 32 263 347 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია, რა დროსაც ხელოვნურად დამალა იმპორტირებული საქონლის საქართველოში რეალიზაციის ფაქტები და ბუღალტრულად ბიუჯეტის წინაშე აჩვენა, რომ თითქოს იმპორტირებული საქონელი სრულად არ ჰქონდა რეალიზებული და ნაშთად ერიცხებოდა. ამგვარი სქემით ბრალდებულმა ზემოთაღნიშნულ კომპანიებზე ხელოვნურად დაიგროვა ზედმეტობა 1 090 741 ლარის ოდენობით დამატებითი ღირებულების გადასახადში და აღნიშნული არამართლზომიერად წარმოშობილი ზედმეტობის თანხებით განახორციელა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახადელების ფიქტიური გადახდა, რითაც მოტყუებით 1 090 741 ლარის ოდენობით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო. ასევე ბრალდებულმა აღნიშნული საქმიანობით მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლებს მისცა კანონიერი სახე, კერძოდ შეიძინა და ახლო ნათესავების სახელზე დაარეგისტრირა უძრავ-მოძრავი ქონება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 194-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიდიდთოვლობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია
შემდეგი სტატია“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი 2017 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, პირველი ივლისიდან ამოქმედდება