ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა

„ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“ – ასე ჰქვია დიკუმენტს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დაარეგისტრირა. მას ხელს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა წევრი ქვეყნების დეპუტატები აწერენ.
რეზოლუციის შუამდგომლობაში საუბარია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ე.წ. ინტეგრაციის შეთანხმებების ხელმოწერაზე, ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმისა და აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, რაც, შუამდგომლობის ავტორების თქმით, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

რეზოლუციის შუამდგომლობაში ასევე საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარებაზე, ადმინისტრაციული საზღვრის პირას მცხოვრები მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევასა და შეზღუდვებზე, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების კუთხით, რაც კიდევ უფრო დაამძიმა ადმინისტრაციულ ზოლზე მოქმედი გამშვები პუნქტების დახურვამ.

დოკუმენტის მიხედვით, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები დაუშვას.ასევე, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, შეწყვიტოს მიმდინარე ოკუპაცია და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რეზოლუციის ინიციატივას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბევრი მხარდაჭერი აღმოაჩნდა.

„რეზოლუციის შექმნის თაობაზე ჩვენი მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგს ითვალისწინებს, ანუ იმას, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენელი დაიშვას ტერიტორიებზე და მიეცეს შესაძლებლობა, რომ იქ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასოს. ვიცით, რომ ამ ტერიტორიებზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა და განსაკუთრებით მძიმეა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია. სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევა საშუალება, რომ ადგილზე შეაფასონ ეს მდგომარეობა. რეზოლუციის იდეას და ინიციატივას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა და უშუალოდ რეზოლუციიის ტექსტზე მუშაობა სავარაუდოდ, მომავალ სესიაზე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციის წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართული დელეგაციის სრული შემადგენლობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს რეზოლუციას და მის მისაღებად ყველა კონტაქტს გამოიყენებს.

„მივესალმები, რომ დღეს ასეთი დოკუმენტი შემოტანილია ნებისმიერ ასეთ თემაზე, რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოებას, მის მთლიანობას, მის მომავალს. რა თქმა უნდა, შიდაპარტიული გამყოფი ხაზები არ არსებობს და ქართული დელეგაცია მთლიანად, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს და ყველა კონტაქტს გამოვიყენებთ, მათ შორის, ჩვენც, იმისთვის, რომ ყველა ასეთი რეზოლუცია იქნას მხარდაჭერილი და გატანილი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშირამიშვილი პროკურატურისგან ითხოვს გაავრცელოს ინფორმაცია “ვისგან შეიძინა ბრალდებულმა ციანიდი”
შემდეგი სტატიადანამატები გიორგაძის უწყებაში