“ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად სჭირდება მართვადი მოსამართლეთა კორპუსი

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტით უპირატესობა ენიჭება წინა ხელისუფლების დროს 10 წლიანი ვადით გამწესებულ მოსამართლეებს, ახლად დანიშნულ მოსამართლეებთან შედარებით, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა. დეპუტატმა ჩამოთვალა ის ხარვეზები, რაც მისი აზრით ამ კანონპროექტს გააჩნია.
მისივე განმარტებით, ამ კანონპროექტით ყველა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უფლება, იქნება ეს სასამართლოს თავმჯდომარის, პალატის თუ კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, ეძლევათ მხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც გამწესებული იყვნენ წინა ხელისუფლების დროს 10 წლიანი ვადით, ახლად გამწესებულებს კი ამის უფლება არ ეძლევათ.

“ასევე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად არჩევის უფლება გააჩნია მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს გამწესებულ მოსამართლეს, ახალ მოსამართლეს – არა. რაც მთავარია, იმ ახალი ინსტიტუციის წინაშე, რომელიც არის უვადოდ გამწესება, აბსოლუტურად არათანაბარ პოზიციაშია დაყენებული ამ კანონპროექტით წინა ხელისუფლების დროს 10 წლიანი ვადით დანიშნული მოსამართლეები ახალ მოსამართლეებთან შედარებით. კერძოდ, ახალ მოსამართლებზე ვრცელდება სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, ხოლო ძველებზე არ ვრცელდება გამოსაცდელი ვადა. ისინი პირდაპირ ინიშნებიან უვადოდ”, – განაცხადა დეპუტატმა.

შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და ეწინააღმდეგება კანონს, საბოლოოდ კი მივიღებთ ისეთ სურათს, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში უვადო მოსამართლეობის ვაკანსიებს შეავსებს წინა ხელისუფლების დროს 10 წლიანი ვადით დანიშნული ყველა მოსამართლე.

“ეს ნიშნავს ერთადერთს – ის მოსამართლეთა კორპუსი, რომლის ხელითაც განხორციელებული უსამართლობა გახდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაკარგა ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება სწორედ ამ მოსამართლეებს აძლევს უპირატესობას.
ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებასაც” სჭირდება მართვადი მოსამართლეთა კორპუსი, ისევე, როგორც ეს სჭირდებოდა “ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, როდესაც მოხდა ამ კანონპროექტის ინიცირება და სამთავრობო პროგრამაში ჩაიწერა, “ნაციონალურ მოძრაობას” არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა.

“გამოდის, რომ ორივე პოლიტიკური ძალისთვის მისაღებია მართვადი სასამართლო კორპუსი იქნას შენარჩუნებული. ჩემს პოლიტიკურ ძალას ეს არ გვინდა, ვინაიდან ეს არის დამანგრეველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა.

banner
წინა სტატიაშიდაბა ანასეულში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატია,,როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო გოგი თოფაძის განცხადებას”