პუტინი: თურქეთის არგუმენტი სუ-24-თან დაკავშირებით სისულელეა

რუსეთმა განაცხადა, რომ თურქეთის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ არ იცოდნენ რომელი ქვეყნის თვითმფრინავს ესროდნენ სირიის საზღვართან, სინამდვილეს არ შეესაბამება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვერ გამოიცნო რუსული თვითმფრინავები, არის “სისულელე”. “მათ სპეციალური ნიშნები აქვთ და კარგად ჩანს, რომ ეს ჩვენი თვითმფრინავებია და არა სხვისი” – განაცხადა პუტინმა.

“ჩვენ ადრე ამერიკულ მხარესთან არსებული შეთანხმების ფარგლებში, გადავეცით ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, სად იმუშავებს ჩვენი ავიაცია, რომელ ეშელონებში, რა ადგლებში და რა დროებში” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა პრეს-კონფერენციაზე, რომლიც ტერორიზმთან ბრძოლას მიეძღვნა.
თურქულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა თქვა, რომ სავარაუდოდ, თურქი სამხედროები სხვანაირად მოიქცეოდნენ, მათ რომ ცოდნოდათ თვითმფინავის წარმომავლობა.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვერ დაუკავშირდა ტელეფონით, რაც მაშინათვე უარყო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა, რომლის თქმითაც, არანაირი სატელეფონო ზარი თურქეთიდან რუსეთის პრეზიდენტთან არ განხორციელებულა.

მეორე ინტერვიუში, რომელიც ერდოღანმა ამერიკულ სიენენს მისცა, მან თქვა, რომ მისი ქვეყანა რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო, რითიც რუსული მხარის აღშფოთება გამოიწვია. “ვფიქრობ, თუკი ვინმემ უნდა მოიხადოს ბოდიში, ეს რუსეთია” – თქვა ერდოღანმა.

24 ნოემბერს თურქმა სამხედროებმა რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-24 საზღვრის დარღვევის გამო ჩამოაგდეს.
თურქული მხარის მტკიცებით, მათ 10-ჯერ გააფრთხილეს ეკიპაჟი, თუმცა, რუსეთი ამტკიცებს, რომ მათ მფრინავებს არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.

“თურქეთთან ომს ჩვენ არ ვაპირებთ და თურქი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა, ჩვენ მხოლოდ შეკითხვები გვაქვს თურქეთის პრეზიდენტთან” – თქვა ლავროვმა.
გუშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განკარგულება გასცა მთავრობამ ორი დღის ვადაში შეიმუშაოს სანქციების სია, რომელსაც რუსეთი გაატარებს თურქეთის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე: 6 წელი პროკურორს ხმას ვერავინ გასცემს უბატონოდ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ის ორიენტირებულია ხალხზე