ფულზე და მხოლოდ ფულზე მაფიქრალი მთავრობა იმ ტოტს ჭრის, რაზეც ზის

kiziria

kiziria“მთელი უკანასკნელი კვირის განმავლობაში თავს ვიკავებდი რაიმე კომენტარი გამეკეთებინა თამერლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის თაობაზე. მაგრამ ეხლა მგონი ვნებები ცოტა ჩაცხრა და იმედი მაქვს ისთი გააფთრებით უკვე აღარ დამესხმიან თავს. ეს სპეცოპერაცია თავისთავად საკმაოდ საეჭვო და რთული ამბავია და დაწვრილებითი გამოკვლების გარეშე მისი იბიექტიური შეფასება შეუძლებელია. აქ რამდენიმე პრობლემაა ერთმანეთზე გადახლართული და მე მხოლოდ იმას შევეხები, რაც გარედან მაყურებელი ადმიანისთვის არის უპრიანი” – ასე იწყება აშშ-ში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი პროფესორის, დოდონა კიზირიას „ფეისბუქსტატუსი“, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

რასაკვირველია, სულ ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა, თანაც ასეთ სიტუაციაში სამწუხარო და დასანანია. ძნელია თანაგრძნობა არ გაუწიო გულმოკლულ მშობლებს. მაგრამ დამატებითი უბდეურება ის არის, რომ ადვილი შესაძლებელია თამერლანი მართლაც ჩარეული იყო ტერორისტულ ჯგუფში და მართლაც შესაძლოა მიეღო მონაწილეობა რაიმე მძიმე დანაშაულში. უამრავი მაგალითია იმისა, რომ ახალგაზრდა, რაიმე ღირსეულ და კარგ მომავალზე ხელჩაქნეული ადამიანი ასეთ ტერორისტულ საქმიანობაში ხედავს დაგუბებული ბრაზის ამოსანთხევ გზას. განსაკუთრებით, როცა სწორედ ასეთ ადამიანებზე ნადირობენ ყველა რელიგიის ფუნდამენტალისტები და უკვე კარგა ხანია მუსულმანი ტერორისტები.

სრულიად შესაძლებლია ისიც, რომ თამერლანის მამამ არაფერი იცოდა შვილის საქმიანობის შესახებ. რომელი მშობელი დაიკვეხნის, რომ ყველაფერი იცის საკუთარი შვილის შიდა და გარე სამყაროს რაობაზე?! ან რომელი შვილია, რომელიც აბსოლუტურად ყველა დეტალებში გულახდილია მშობელთან. მაგრამ შვილი შვილად რჩება და რაც არ უნდა ჩაიდინოს მან, მისი სიკვდილი გულის მომკვლელი და სულის შემძვრელია მშობლებისათვის.

კიდევ ერთი და არა უკანასკნელი უბედურება ის არის, რომ ამ მთავრობას სრულიად არ აწყობს ამ საქმის დეტალური და კეთილსინდისიერი გამოკვლევა, ვინაიდან ის ფაქტებიც კი, რაც გასაჯაროვდა, ლაპარაკობს იმაზე, რომ თვითონ ამ მთავრობის წევრებმა შეუწყვეს ხელი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამ სიტუაციის შექმნას. ამ ყველაფრის თავი და და თავი ჯერ სინდის-ნამუს გამორეცხილ ბესელიას მიერ ჩატაევის ციხიდან განთავისუფლებას უკავშირდება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ფულებს აიღებდა ამის საფასურად ეს სამარცხვინო დედაკაცი?! ხოლო შემდეგ კი თვით ამ მთავრობის მიერ ტერორისტების, ბანდიტების, ქურდების საქართველოში შეუფერხებლად ჩამოყვანა ან მათი აქედან გაპარება არის დანაშაული, რომლისთვისაც მთავრობის არაერთი წევრი და მათ შორის თბილისის დღევანდელი მერი მკაცრ სასჯელს იმსახურებს. თავის გასამართლებლად, ისინი თამერლანის ტერორისტობის დამტკიცებას შეეცდებიან, რომ ამით მას შეაწმინდონ ხელი საკუთარი დანაშაულის დასაფარავად.

მე ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი ამის უკან დგას რუსეთი, რომელიც ამ ბრიყვი და ფულზე დახარბებული მთავრობის ხელით ქმნის საქართველოს იზოლაციას, ქმნის სიტუაციას, რომ ქვეყანა ყოველი მხრიდან იყოს გარშემორტყმული ჩვენზე გაავებული და ჩვენზე შურის მაძიებელი, ჩვენი ტერიტორიების მითვისებისკენ მიმართული ხალხით. თითქოს სამაჩაბლო და აფხაზეთი არ ყოფილიყოს საკმარისი! ჯავახეთში რა პროვკაციებიც მიდის იცით. ეხლა პანკისი გახდა ცხელი წერტილი.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთითაც ნელ-ნელა იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ შესაძლოა კარგა დიდი რაიონი სრულიად გამოირიცხოს ქართული ენის, კულტურის და სოციალური ურთიერთობების სფეროდან. ეს კი წინ უძღვის სეპარატიზმს და ტერიტორიულ მოთხოვნებს. მარნეულში, მაგალითად, მთავრობამ ისეთი ხალხი დანიშნა ხელმძღვანელ პოსტებზე, რომლებიც ან ქართულად არ ლაპარაკობენ, ან არ სურთ ქართულად ლაპარაკი და მათ მიერ ის აზრიც კი იყო გამოთქმული (ვაი, რომ ქართველების მხარდაჭერით), რომ კარგი იქნება თუ საქმის წარმოება რუსულ ენაზე იყოსო.

და ბოლოს იმასაც დავამატებ, რომ ეს სრულიად ბეცი, არაპროფესიული, ფულზე და მხოლოდ ფულზე მაფიქრალი მთავრობა იმ ტოტს ჭრის, რაზეც ზის. მათივე დახმარებით საქართველოში შემოსული რუსეთი პირველ ყოვლისა მათვე ამოკრავს პანჩურს და ნაპარავ-ნაგროვებსაც დაატოვებინებს. კოლონიებში მხოლოდ იმპერიის წარმომადგენლები უნდა ბატონობდნენ, აბორიგენები კი იმაზეც მადლობელი უნდა იყვნენ, თუ აქედან სულ არ გაასახლეს-წერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ და ჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას
შემდეგი სტატიაჟენევის სასამართლო ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვას იწყებს