პროკურორის ინფორმაციით ელისაშვილის ტელეფონში მუქარის შეტყობინებები არ აღმოჩნდა

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის ტელეფონში, რომელიც მან გამოძიებას მიაწოდა, მაღალჩოსნების მიერ გამოგზავნილი მუქარის შემცველი შეტყობინებები არ აღმოჩნდა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, მობილური ტელეფონის შემოწმება და შემდგომ დალუქვა ელისაშვილის თანდასწრებით და თანხმობით მოხდა. კაციტაძე განმარტავს, რომ აღნიშნული ტელეფონი კომპიუტერულ-ტექნიკური შემოწმებისთვის სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა.

„მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2015 წლის 14 დეკემბერს მოწმის სახით დაიკითხა ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც გამოძიებას წარუდგინა ის მობილური ტელეფონი, რომელშიც მისი განმარტებით, უნდა ყოფილიყო ცალკეული მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ელისაშვილის თანდასწრებით მოხდა მობილური ტელეფონის დათვალიერება და მასში არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული და დასახელებული მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ელისაშვილმა განაცხადა თანხმობა, რომ მობილურ ტელეფონს ჩაუტარდეს ექსპერტიზა, აქედან გამომდინარე, მისი თანდასწრებით მოხდა მობილური ტელეფონის დალუქვა და იგი გაგზავნილია სამხარაულის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კომპიუტერულ-ტექიკური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ექსპერტიზა დაადგენს, თუ რა მესიჯებია შიგნით მოცემული, როდისაა გამოგზავნილი და ა.შ“, – განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში 14 დეკემბერს, კიდევ ერთხელ დაკითხეს. მან გამოძიებას ის ტელეფონი მიუტანა, რომელზეც მისი მტკიცებით, შეწყალების კორუფციულ სქემაში მონაწილე მაღალჩინოსნები, შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ყოფილ ხელმძღვანელსაც დაკითხავენ
შემდეგი სტატიაპარიზის ტერაქტების საქმეზე ახალი ეჭვმიტანილი დააკავეს