პროკურორი : ნაფიცმა მსაჯულებმა ღირსეულად გაართვეს თავი საპასუხისმგებლო მოვალეობას

სასჯელის ვადის ნაწილში დაცვის მხარეს შეუძლია სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით გაასაჩივროს სასჯელის ოდენობა, – ამის შესახებ პროკურორმა დავით ნეფარიძემ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულმა გადალახა ყველაზე დიდი ზღვარი, რომელიც შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში და საკუთარი შვილი მოკლა, ის ნამდვილად იყო საზოგადოებისთვის საშიში.

„სასამართლო პროცესზე, მას შემდეგ რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ღირსეულად გაართვეს თავი, მართლაც მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო მოვალეობას და მართლმსაჯულების პროცესში მიიღეს ღირსეული მონაწილეობა, ადეკვატური პასუხი გასცეს ბრალდებულის სასტიკ დანაშაულს, დღეს უკვე ამ ვერდიქტის საფუძველზე მოსამართლემ იმსჯელა სასჯელის დანიშვნის თაობაზე. ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი იყო ბრალდებულის მიმართ გამოყენებულიყო უვადო თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლო სხდომაზე, რომ მის მიმართ სასჯელის სახით განსაზღვრულიყო უვადო თავისუფლების ღაკვეთა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციას და ბრალდებულის მიმართ წამოაყენა უვადო თავისუფლების აღკვეთა”, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, სასჯელის ვადის ნაწილში დაცვის მხარეს შეუძლია სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით გაასაჩივროს სასჯელის ოდენობა.

„პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი პირი, რა ოდენობის სასჯელიც არ უნდა ქონდეს მსჯავრდებულს მისჯილი, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება”, – განაცხადა ნეფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჯონ კერის ოფიციალური ვიზიტი იწყება
შემდეგი სტატიაენმ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციულ საქმეზე საუბრობს