პროკურატურის განცხადება გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „ბათუმის მაგნოლიის“ საქმეზე დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
იმის გათვალისწინებით, რომ გურამ რჩეულიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის მაქსიმალური ცხრა თვიანი ვადა მიმდინარე წლის 12 აპრილს იწურებოდა და ამ ვადის ამოწურვამდე ვერ ხდებოდა საქმის არსებითი განხილვის დასრულება, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და იმ მოტივით, რომ კვლავაც არსებობდა გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 30 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მას ასევე დამატებითი ღონისძიების სახით ჩამოართვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება მაია და გურამ რჩეულიშვილების ბრალდების საქმის არსებითი განხილვა. პროკურატურამ მტკიცებულებების წარდგენა 2017 წლის იანვარში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში დაკითხული იქნა 60-მდე მოწმე და გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების 42 ტომი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
პროკურატურა მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას საქმის არსებითი განხილვის დროულად დასრულებისთვის.

banner
წინა სტატიაშიმე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრია
შემდეგი სტატიაბერლინში ბრანდერბურგის კარიბჭე მთავრობის ნებართვის გარეშე რუსეთის დროშის ფერებში გაანათეს (ვიდეო)