“პროკურატურა ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებულ დანაშაულში ჩართული სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად აქტიურად მუშაობს”

მთავარი პროკურატურა ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებულ დანაშაულში ჩართული სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად აქტიურად მუშაობს, – ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

”ალექსანდრე მუხაძე, რომელსაც ბრალდება წარედგინა, საპატიმროში მოხვედრილ ზურაბ ქურციკიძეს პირდაპირ ეუბნებოდა, თუ რა უნდოდა მას 26 მაისის აქციაზე, ყოფილიყო სახლში და იგი საპატიმრო დაწესებულებაში არ მოხვდებოდა. ეს იყო პირველი კომენტარი, როდესაც იგი ზურაბ ქურციკიძეს შეხვდა. დავალება შესაძლოა, სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მოდიოდა. ამ მიმართულებით გამოძიება ძალიან აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

მისი თქმით, ფოტოგრაფებს ედავებოდნენ, თითქოს მათი საცხოვრებელი სახლიდან და სამუშაო ოთახიდან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცი ამოიღეს. კერძოდ, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, მისი გადაადგილების უსაფრხოების გეგმა, მთავრობის წევრების გადაადგილების მუდმივმოქმედი გეგმა და ა.შ.

„ეს დოკუმენტები განსაიდუმლოვდა ჩვენი აქტირი მოქმედებების შედეგად. შესაბამისად, საქმეს მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“ და დღეს ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“, – აღნიშნა პროკურორმა.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა და ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, ფოტორეპორტიორების დაპატიმრება და გამოგონილი ბრალდებით – ჯაშუშობაში დადანაშაულება, წარმოადგენდა წინა ხელისუფლების ანგარისწორებას, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გავრცელების გამო.

banner
წინა სტატიაშიკვიციანი: ნდობის ჯგუფში შესვლა არ მომწონს, რადგან „შეკვეთები“ არ მაინტერესებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ