პროკურატურა ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ პატიმრობას მოითხოვს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

პროკურატურა ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობას მოითხოვს.

როგორც საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ასევე მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის საფრთხე. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას.

პროკურორის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება სხვა პირების მიმართაც.

“აღმკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურა ლევან მექვაბიშვილის მიმართ პატიმრობას მოითხოვს. საფუძველი არის ის, რომ არსებობს მიმალვის, ასევე მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე და ახალი დანაშაულის საფრთხე. ჩვენ შევეცდებით დავუსაბუთოთ სასამართლოს, რომ სხვა აღმკვეთი ღონისძიება ხელს შეუშლის აღკვეთის მიზნის განხორციელებას. რაც შეეხება სხვა პირებს, მიმდინარეობს გამოძიება სხვა პირების მიმართ”, – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა გადაკვალიფიცირდეს საქმე, პროკურორმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, თუ საქმის მსვლელობისას გამოიკვეთება ახალი გარემოებები.

“საქმის გადაკვალიფიცირება შესაძლებელია, თუ გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთება გარემოებები, რაც კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი გახდება”, – განაცხადა ფხაკაძემ.

ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ბრალდებული ლევან მექვაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისოფელ ციცხვართან დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა
შემდეგი სტატიათინათინ ბოკუჩავა: ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტული უწყებებიდან