პრეზიდენტთან ოპოზიციური პარტიების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა კონკრეტული შედეგით – სამუშაო ჯგუფის შექმნით დასრულდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაზე იმუშავებს.
სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში შეიკრიბება და „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით კონკრეტულ წინადადებებს ჩამოაყალიბებს და ცვლილებათა პაკეტს შეიმუშავებს.
პრეზიდენტი პარლამენტს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს და შენიშვნებს ორი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებამდე შესთავაზებს.
„ჩვენ ვიმუშავებთ კონკრეტულ წინადადებებზე და გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შემთხვევაში მმართველი ძალა უფრო მეტი გულისყურით და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის არჩევნები, არაძალადობრივ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ერთგვარი თანხმობის და კონსენსუსის ფორმატში მიმდინარეობდეს.
თანხმობა გულისხმობს იმას, რომ როგორც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები – ოპოზიცია და სახელისუფლებო ძალა, ისე პარლამენტს გარეთ წარმოდგენილი, საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ძალები, მონაწილეობდნენ ამ საერთო კონსენსუსის მიღწევაში”, – საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი განცხადებით, პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევაში, იქნებოდა ეს სისტემური ცვლილებები, თუ „საარჩევნო კოდექსის“ ნაწილი.
„ეს იყო ჯერ კონსენსუსის შექმნის მცდელობა საარჩევნო სისტემაში კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ არ გამოვიდა, რადგან მმართველი ძალა მაშინ არ წამოვიდა ამაზე.
შემდგომ იყო გერმანული მოდელი, რომლის ინიცირებასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი, მაგრამ ეს საკითხიც სამწუხაროდ, არ არის დაძრული მკვდარი წერტილიდან”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
სამუშაო ჯგუფში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მაჭარაძე ჩაერთვებიან.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაერაყის არმიან ელ-ფალუჯას ცენტრში სახელმწიფო დროშა აღმართა