პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლანარულ სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის შესახებ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტის შემოთავაზებული ფორმატი კონცეპტუალურად განსხვავდებოდა მმართველი გუნდის ფორმატისგან.

„პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და შემოგვთავაზა საკუთარი ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა სამი თანათავმჯდომარის არსებობას. ის გვთავაზობდა ფორმატს, რომლის შესაბამისადაც ინიციატივა პარლამენტიდან გადადიოდა პრეზიდენტისკენ. ეს იყო ძირითადი არსი ამ ინიციატივის. პრაქტიკულად სამი თანათავმჯდომარის არსებობა კომისიაში თუ ნებისმიერ ორგანოში, არის შეუძლებელი. როდესაც საუბარია სამ თანათავმჯდომარეზე, ერთ-ერთი არის ყოველთვის თავმჯდომარე სამართლებრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით და ორი დანარჩენი თანათავმჯდომარე. ამ შემთხვევაში გამოდიოდა, ელემენტარულად რომ ჩავყვეთ დეტალებს, ელემენტარულად საჭირო იქნებოდა სამართლებრივი აქტების გამოცემა, დებულების დამტკიცება, კომისიის მდივნის დანიშვნა და ა.შ. ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს. შესაბამისად, ჩვენ ვიღებდით ფორმატს, სადაც ერთ-ერთი თანათავმჯდომარე იყო რეალურად დომინანტი თავმჯდომარე და მას ეყოლებოდა ორი თანათავმჯდომარე. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის თანახმად არის სახელმწიფოს მეთაური, ის სიმბოლური თვალსაზრისით არის პირველი პირი ქვეყანაში, ის უნდა ყოფილიყო სწორედ ამ სამთაგან წამყვანი თანამდებობის პირი. ანუ აქ იყო კონცეპტუალურ განსხვავებაზე საუბარი. ჩვენი კონცეფციის თანახმად, არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მუშაობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო ფორმატი არის არასწორი და არ შეესაბამება კონსტიტუციის არსებულ ლოგიკას. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

„2013 წლამდე ვიდრე ამოქმედდებოდა 2010 წლის ცვლილებები პრეზიდენტს ჰქონდა ინიციატივის უფლება. ზოგადად საკანონმდებლო იცინიატივის უფლება მათ შორის კონსტიტუციური ინიცირების უფლება, 2010 წლის ცვლილებების ამოქმედების შემდეგ პრეზიდენტს აღარ აქვს ინიციატივის უფლება, აქედან გამომდინარე მას არ აქვს უფლება ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში. ეს არის პრინციპული დებულება, რომელიც, არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. გამოდიოდა ისე რომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატის თანახმად პრეზიდენტი დომინირებდა კანონშემოქმედებით პროცესში ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რის შესაძლებლობასაც საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

როგორც პარლამეტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღეს ორი სუბიექტია, ვისაც შეუძლია კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება: ეს არის 200 000 ამომრჩეველი და 76 პარლამენტარი.

„დღეს ორი სუბიექტია ვისაც შეუძლია კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება ეს არის 200 000 ამომრჩეველი, რაც ამ შემთხვევაში აქტუალური არ არის, როგორც წესი პოპულარული ინიციატივა აქტუალურია მაშინ როდესაც კონკრეტულ ლოკალურ ცვლილებებს ეხება საქმე, მთავარი ინიციატორი არის 76 პარლამენტის წევრი. ანუ პარლამენტის წიაღიდან უნდა მომდინარეობდეს კონსტიტუციური კანონპროექტი. 76 დეპუტატს შეუძლია შესაბამისი ინიციატივის წარდგენა“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს სიპებ-ში 200-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება
შემდეგი სტატიასოხუმი დემონსტრაციისთვის ემზადება