პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ზუგდიდში სტუდენტებთან იმსჯელა

პროექტის “კონსტიტუცია ყველასია”-ს ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის მისეულ ხედვებზე ილაპარაკა.

მარგველაშვილის თქმით, არის პუნქტები, რომელიც მისთვის მისაღებია, თუმცა არის პრობლემური პუნქტებიც, რომელიც განსაკუთრებით მიუღებელია.

გიორგი მარგველაშვილი დადებითად აფასებს კონსტიტუციაში საქართველოს როგორც “სოციალური სახელმწიფოს” ცალკე მუხლად ჩაწერას.

“იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო, როგორც ჩვენი ნების გამომხატველი, უნდა ზრუნავდეს ყველაზე გაჭირვებულებზე, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კონსტიტუციის პროექტის უარყოფით ასპექტებზე საუბრისას კი მარგველაშვილმა კვლავ საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი დაასახელა.

“ჩვენთან ყოველთვის იყო ორი ბანაკი – ხელისუფლება და გაერთიანებული ოპოზიცია, ხან ერთი მოიგებდა, ხან მეორე. ეს არაა ევროპული პოლიტიკური კულტურა. ევროპული პოლიტიკური კულტურაა, როდესაც არის სამი, ოთხი, რამდენიმე პარტია და მათ შორის რომელიმეს გამარჯვება დრამატულ ცვლილებებს არ იწვევს ქვეყანაში. ეს ყველაფერი მთლიანობაში შექმნის ისეთ მდგომარეობას, რომ რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნა გაჭირდება ჩვენს რეალობაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშილუჟკოვს საბუთები წესრიგში ჰქონდა-ხუციშვილი განმარტებებს აკეთებს
შემდეგი სტატიათურქი პროკურორები ფეთჰულა გიულენისთვის თითქმის 3 ათას წლიან პატიმრობას ითხოვენ