პრეზიდენტმა პროფესორი გივი ღამბაშიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, ქართულ-ებრაული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გივი ღამბაშიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.

გივი ღამბაშიძეს პრეზიდენტის ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს, მუზეუმში, ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, ვახტანგ კახიძის საღამოზე პირადად გადასცა.

„ქართველთა და ებრაელთა მეგობრული, ძმური ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის და ამ ასწლეულების განმავლობაში, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდათ ამ ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავებაში. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ დღეს, თანამედროვეობაში ასეთი ადამიანები გვყავს და სწორედ ასეთი ადამიანია პროფესორი გივი ღამბაშიძე. დღეს, მე მაქვს პატივი მას გავაცნო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება; სწორედ ქართულ-ებრაული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, პროფესორი გივი ღამბაშიძე დაჯილდოვდეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გივი ღამბაშიძემ პირადად უმასპინძლა და იქ დაცული ექსპონატები დაათვალიერებინა.

ღონისძიებას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ასევე ქართული კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში“ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს” – ნოდარ ხადური საკადრო ცვლილებებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ბატონი ვანო და ბატონი გიგი არიან პოლიტპატიმრები”- პოლონელი დეპუტატი “მატროსოვზე” იმყოფებოდა