“პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო უნდა დაადოს” – ენმ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

პარლამენტის მიერ „საკნონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნულ საკითხზე პრესკონფერენცია გამართა:

„სამწუხაროდ ჩვენ ყველა მივეჩვიეთ, რომ ამ საპარლამენტო უმრავლესობისთვის მთავარი მუშაობაში არასდროს არ ყოფილა ხალხის პრობლემები და ხალხის ინტერესები, ისინი ყოველთვის იყვნენ ორიენტირებული ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის სურვილის ასრულებაზე. მაგრამ იმან, რაც ხდება ბოლო სამი დღის განმავლობაში, სამწუხაროდ ყველა რეკორდი და ნიშნული მოხსნა.

ჩვენ ვხედავთ უმრავლესობის მცდელობას, ნებისმიერ ფასად, ყველა კანონის, ყველა პროცედურის, ყველა ლოგიკის დარღვევით, უსწრაფესი წესით მიიღონ კანონი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. კანონი, რომელიც ინსტიტუციონალურად ანგრევს და აკნინებს საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონი, რომლითაც ხელისუფლებას და მის მიერ დანიშნულ ადამიანებს ექნებათ საშუალება, გააკონტროლონ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ერთ-ერთი უკანასკნელი, ხელისუფლებისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში.

რა არის ამ სიჩქარის მიზეზი? რა არის იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება და უმრავლესობა წავიდა ყველანაირ დარღვევაზე ამ კანონის სასწრაფოდ მიღების ხათრით? პასუხი არის მარტივი, ეს მიზეზი გახლავთ „რუსთავი 2“.

ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ სასამართლო პროცესს, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ყველა ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, ნიშნებს იმისას, რომ ხელისუფლება აგრძელებს ორკესტრირებულ შეტევას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და ამ პროცესში ხელისუფლება იყენებს სასამართლოს მის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეების მეშვეობით. მთელს ამ პროცესში ერთადერთ, ნამდვილად დამოუკიდებელ ინსტიტუტად, რომელმაც შეიძლება ხელი შეუძალოს ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის წაღებაში და გაკონტროლებაში, დღემდე რჩება საკონსტიტუციო სასამართლო.ამიტომ, შეტევა საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ არის შეტევა სასამართლო ინსტიტუტის წინააღმდეგ, ასევე გახლავთ, საფუძვლის მზადება „რუსთავი 2“-ის საბოლოოდ ხელში ჩასაგდებად.

მე მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა ხელისუფლებას, მათ ეს არ გამოუვათ და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენ არ დავესწარით დღევანდელ სხდომას, რომელზე დასწრებასაც აზრი არ ჰქონდა, ჩვენ განვიხილავთ მომავალში საპარლამენტო უმრავლესობასთან და პარლამენტთან, ჩვენი ურთიერთობის საკითხს. მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ხელისუფლებას არ მივცემთ არც „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების და არც საკონსტიტუციო სასამართლოს გატეხვის და დაკნინების შესაძლეობლობას.

მსურს მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ამ ქვეყანაშ კონსტიტუციის, კანონისა და დემოკრატიის გარანტს, ამ კანონით ირღვევა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები. ეს კანონი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ამ კანონით ირღვევა ის დაპირება, რომლეიც საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ გასცა ევროსაბჭოს მომხსენებლების მიმართ. ეს კანონი იმსახურებს ერთსულოვან საერთაშორისო კრიტიკას და ლახავს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ. პირდაპირ აკნინებს სასამართლო ხელისუფლებას. ქმნის პირდაპირ საქმეს რომ ხელისუფლებას ექნება მწვანე შუქი ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2. სწორედ ამიტომს აქართველოს პრეზიდნეტი უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში და ვეტო დაადოს ამ კანონს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი ზონის” წევრებმა პარლამენტთან აქცია მოაწყეს
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: დიდი ინტერესით ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნაციონალების დავალებაზე