პრეზიდენტის თქმით, ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა

საქართველოს პრეზიდენტმა “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა.
როგორც მრავალეროვანი სამხედრო სწავლების საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე ქვეყნის მთავარსარდალმა განაცხადა, მას სჯერა, რომ ყველა ადამიანი, იბადება თავისუფალი, მაგრამ თავისუფალად დაბადებასთან ერთად ადამიანი იბადება ვალდებულებით.

“ამ ვალდებულების მსახურება და მსახურების ფორმას თითოეული ჩვენგანი ირჩევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მას მისი ბედისწერა არგუნებს. დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლის, თავისი უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა. მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი და ყველაზე მაღალი ვალდებულებაა, რაც შეიძლება ადამიანმა შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის”,- აღნიშნა ქვეყნის მთავარსარდალმა.
პრეზიდენტის თქმით, ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული.

“ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. ქართველი ჯარისკაცები ამაყად ემსახურებიან ამ მიზანს. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ ქვეყანას შექმნის, ერთიან ქვეყანას შექმნის, დაცულ ქვეყანას შექმნის და ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური. ამ ღირსეულ სამსახურს სულ ცოტა ხნის წინ შეეწირა ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი თანამებრძოლი მდინარი ბებიაშვილი, სულ ცოტა ხნის წინ ამ მაღალი მიზნებისთვის დაიღუპა, მე ქედს ვიხრი მისი და მისი სხვა დაღუპული თანამებრძოლების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისი თავი, თავისი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვაში დაინახა.
მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, შესაბამის უწყებებს, ვინც ასეთი ფართომასშტაბიანი და ჰარმონიული სწავლების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ერი, ქართული საზოგადოება მადლობელია თქვენი სამსახურისთვის და თქვენი მშობლიური ქვეყნებიც მადლობელი არიან იმ სამსახურისთვის, რასაც თქვენ მათ უწევთ. ჩვენს საზოგადოებებს აქვს უნარი განვითარდეს, იმიტომ რომ თქვენ აი ამ ვალდებულებას, რომელზეც მე ვსაუბრობდი პირნათლად ემსახურებით. მადლობა პირადად ჩემგან და ქართული საზოგადოებისგან ამ სამსახურისთვის. ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ჩვენს მეგობრებს”,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. სიტყვით გამოსვლამდე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონიას დაესწრო. საერთაშორისო სწავლების დასრულება საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა. სწავლებას ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. მრავალეროვანი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო გადაეცათ. ვაზიანის პოლიგონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის საპტრულო პოლიციის უფროსმა  დავით მიქიაშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაგარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია