პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, ტაბახმელაში არსებული სანგრები 1921 წლის სახით აღდგება

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტაბახმელაში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მან დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მემორიალთან შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი სარეზერვო ფონდიდან მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლისთვის თანხა გამოიყოფა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სანგრები, 1921 წლის სახით აღდგება.

„ეს ქვეყანა, ეს მიწა-წყალი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის პატივს მიაგებს იმ გმირებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლო დაიცვა. აქ მიმდინარეობდა რეალურად ის ბრძოლები, რომელიც ბოლო ზღვარი იყო, სანამ თბილისს აიღებდნენ. ჩვენ ვაპირებთ, რომ იმ შემაღლებებზე, სადაც სანგრები იყო და სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები დედაქალაქს იცავდნენ, ამ სანგრების ნაწილი აღვადგინოთ. იმიტომ, რომ ახალგაზრდებმა, ტურისტებმა, ჩვენ ყველამ კონკრეტულად ის ადგილები ვნახოთ, სადაც იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ეროვნული დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

banner
წინა სტატიაშიძალა ნდობას – შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას განაგრძობს
შემდეგი სტატიაქუთაისში 18 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა-ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს