პრეზიდენტი: ნატო-ში გაწევრიანებით ყველაზე დაცული თავდაცვისა და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი ვიქნებით

პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. პრეზიდენტმა დისკუსიაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს თანამედროვე მსოფლიო მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა დაძლევაც, მხოლოდ თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„საქართველო და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რამდენიმე პრინციპულ პოსტულატს ეფუძნება. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აირჩია დემოკრატიული განვითარების გზა. ეს არის არჩევანი თავისუფალი ხალხისა, რომ იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში და ბუნებრივია, ამ სურვილის ყველაზე ადეკვატური განხორციელება სწორედ ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური მოწყობა და ამ პროცესის მუდმივი გაღრმავებაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება განაპირობებს იმას, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეს დაუკავშირდა, ხოლო პოლიტიკური მისწრაფებები ნათლად ჩამოყალიბდა, როგორც მისწრაფება ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით.

„ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ნატო-სთან თანამშრომლობით საერთაშორისო მისიებში ჩვენი ერთობლივი ჩართულობით, წვრთნისა და პარტნიორებთან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით პროგრამების განმტკიცებითა და გაღრმავებით გამოიხატა და ეს გრძელდება. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი ნატო-ს წევრად გახდომაა. აქაც ლოგიკურად ვხედავთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთიან სივრცეში იმ ქვეყნებთან, ვინც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და ამავე დროს, ვიქნებით ყველაზე დაცული და ეფექტური თავდაცვისა და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით იმართება.

banner
წინა სტატიაში15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იუსტიციის სახლები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ
შემდეგი სტატიაპრემიერი: 2017 წლის ბიუჯეტი მიმართულია იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ იმ წრიდან, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ვტრიალებთ