პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე ნატო-ში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ ასახვას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე ნატო-ში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ დაფიქსირებას ითხოვს და აცხადებს, რომ პროგრესი ერთმნიშვნელოვანად არსებობს და ამას ნატოს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს.
“ვისაუბრეთ სწორედ ბრიუსელის სამიტის ერთიან პოზიციაზე იმიტომ, რომ აუცილებელია, ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩამოვყალიბდით:- როგორ უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და როგორ უნდა გადავდგათ წინ ნაბიჯი ამ სამიტზე.
ნატო -ს სამიტამდე, 26 მაისი გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია ერთობლივად დავაფიქსიროთ – საქართველოში იქნებიან მაღალი დონის დელეგაციები და ეს, ამ მიმართულებით საინტერესო სამუშაო პლატფორმას გვაძლევს.
ფაქტი არის ის, რომ საქართველო ნატო-სთან მიმართებაში რეალურად მოწინავე ქვეყანაა და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესი უნდა გამოიხატოს შესაბამის ნაბიჯებში, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს წევრობამდე”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს: – მზადება ნატოს ბრიუსელის 2018 წ. სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სხდომაზე განიხილებოდა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები და თავდაცვის სისტემაში რეფორმის მიმართულებით არსებული პროგრესი.
“განვიხილეთ ის რეფორმები, რომელსაც მე ჩემს საპარლამენტო გამოსვლაშიც და არაერთხელ დავუჭირე მხარი. თავდაცვის მინისტრმა გაგვიზიარა ინფორმაცია რეფორმებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. შესაძლოა, ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ, როდესაც საუბარია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, როდესაც საუბარია რუსეთის საფრთხის ნეიტრალიზაციაზე, როდესაც საუბარი არის ნატო-ში ინტეგრაციაზე, ამაზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც კონსტრუქციულები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ ფონზე, როცა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო შეცვლილია. ამ ვითარებაში, საქართველოს ესაჭიროება უფრო მეტი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან, იმის მიუხედავად, თუ რამდენად აქტიურად მუშაობს დღეს ხელისუფლება, კიდევ უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.
“ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაზრდა. ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტის ინიციატივაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის აშშ-ს სენატსა და კონგრესში მიღებასთან დაკავშირებით. კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხში სრული ერთსულოვნებაა, როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის წარმომადგენლებს შორის.
პრეზიდენტმა მოისმინა საკმაოდ დეტალური ინფორმაცია და სიტუაციის შეფასებები დაზვერვის უფროსისგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან და თავდაცვის მინისტრისგან”, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/949867061848234/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშირა გარემოებებმა აიძულა, შსს-ს მინისტრი ბოდიშის მოხდისაკენ?
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მიმდინარე წელი ივანიშვილის მმართველობის დასრულების წელია