პრეზიდენტი ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რა მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ქართული სახლემწიფო ადვოკატთა საქმიანობას. თქვენ – ქართველი ადვოკატები, რეალურად ქმნით ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთერთ მნიშვნელოვან შემადგენელ რგოლს. თქვენი ეფექტიანი საქმიანობა არის ჩვენი მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღებისა და დაფასების ობიექტი. დღეს, მე აქ მოვედი დუშეთიდან, სადაც ახალი საქართველოს სულიერმა მამამ – ილია ჭავჭავაძემ, სასწავლებლიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო თავისი საადვოკატო პრაქტიკა და დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოცდილება, რომელიც მან მიიღო, სწორედ ხალხთან ურთიერთობის, მოქალაქეთა ინტერესების, მათი გასაჭირის ცოდნიდან, რეალურად გახდა ერთერთი სერიოზული შემადგენელი რგოლი იმ მომავალი დიდი საქმიანობის, რომლითაც ილია ჭავჭავაძემ ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი. მართლაც, თქვენი საქმიანობა, თქვენი მეცადინეობა ქვეყნის განვითრებისა და სამართლებრივი გარემოს მნიშვნელოვანი შემადგენელია. თქვენ იცავთ ადამიანის უფლებებს, იცავთ იმ ინტერესებს, რომელიც კონკრეტულ ინდივიდებს გააჩნიათ, ხშირად ძალიან რთულ ვითარებაში უპირისპირდებით ძალიან ძლიერ ინსტიტუტებს და ამას მაღალი პროფესიონალიზმით, საქმის მაღალი ცოდნით და ჰუმანიზმის მაღალი პრინციპებიდან გამომდინარე აკეთებთ… და ეს, ასე ვთქვათ, მორალური ღერძი, რომელიც არის თქვენს საქმიანობაში, არაერთხელ გამოჩენილა რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ადვოკატთა უფლებების დაცვის საქმეში ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განსაკუთრებული წვლილი და მაღალი პროფესიონალიზმი. „ამ წლების მანძილზე გაკეთებულმა თქვენმა პრინციპულად ძლიერმა განცხადებებმა, არა მარტო პროფესიულად, არამედ პიროვნულად ძლიერმა ნაბიჯებმა, შეადგინა კიდევაც ახალი საქართველოს უფრო მეტად სამართლებრივი შეთანხმებებისა და ღირებულებების ნაწილი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილე უცხოელ სტუმრებს თანამშრომლობისათვის და საადვოკატო სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა და ღონისძიებაზე მოწვეულმა სხვა საპატიო სტუმრებმა. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო ხელისუფლების, იუსტიციის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების დელეგაციები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშირომის ცენტრში ორმაგი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაის ჩანაწერები, რომლებიც კონსტიტუციაში 2010 წელს გაკეთდა, პუტინიზაციის შეუმდგარი მცდელობა იყო-მათიკაშვილი