პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, კლინიკების მენეჯმენტთან უფრო აქტიურად იმუშაონ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმების მეორე ეტაპი იწყება.

პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, რომ უწყებამ კლინიკების მენეჯმენტთან აქტიურად ითანამშრომლოს.

„გასული წლების განმავლობაში ჩვენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველგვეყო ის მომსახურებები, რომლებსაც ისინი დღეს იღებენ. ეს იყო უდიდესი შეღავათი და წარმატებული რეფორმა, რომელსაც დღეს არაერთი ქვეყანა სწავლობს ჩვენს მაგალითზე. დღეს ჩვენ გადავდივართ ახალ, მეორე ეტაპზე. პრიორიტეტებად უფრო მეტად უნდა გამოვკვეთოთ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ხარისხზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს მეორე – ახალი ეტაპის რეფორმები, რომლის განხორციელებაც მოქალქეების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პროაქტიულ ჩართულობას საჭიროებს.

„ამიტომ, მინდა ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო, რომ აქტიურად იმუშაოთ კლინიკების მენეჯმენტთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოახდინოთ კლინიკური აუდიტის ფორმით სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, იქნება ეს ინფექციებზე კონტროლი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გართულების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებები. ასევე სამედიცინო მოვლის ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთვაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არის პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღრავს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფინანსური ინსტიტუტების იმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან