პრემიერის თქმით, თუშეთის გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, თუშეთის გზის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პრემიერმა ამის შესახებ ომალოში განაცხადა, სადაც ტრადიციულ დღესასწაულს, “თუშეთობას” დაესწრო.

პრემიერის თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები.

“ეს გზა აუცილებლად აშენდება და იგი იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა, იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რომელზეც ვმუშაობთ, იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის, აი ამ კულტურის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.

ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის განვითარების, რომ აქაურმა ოჯახებმა მეტი შემოსავალი ნახონ და ჰქონდეთ მეტი ინტერესი იმის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას, ადგილობრივი რეწვა განვითარდეს.

რა თქმა უნდა, ექნება ასევე, უსაფრთხოების დანიშნულება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას.

და რა თქმა უნდა, მას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების დანიშნულება, ვინაიდან გზის და კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მოძრაობები სოლიდარობას უცხადებენ რუსეთის პარაოლიმიურ ნაკრებს
შემდეგი სტატია,,გამოიკვეთა აფთიაქები, რომლებიც მატერიალური მოგების მიზნით, შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ “