პრემიერის შეფასებით, ადმინისტრაციული ხარჯების 30%-ით შემცირება უპასუხისმგებლო მიდგომაა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიმართა და ისინი ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ადმინისტრაციული ხარჯების 30%-ით შემცირება უპასუხისმგებლო მიდგომაა.

„ჩვენ ვაკეთებთ 10%–იან ოპტიმიზაციას. ის განცხადებები, რომლებიც გვესმის, რომ 30%–ით შეამცირეთ ხარჯები, მათემატიკურად არის შესაძლებელი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას.

ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გვესმის ყველაზე უკეთ, სხვათა შორის. ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც ვდგამთ. ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს ინოვაციურს ამ შემთხვევაში – ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებსაც მეტი ეკონომიკური დინამიკა, განვითარება და უფრო მეტი ზრდა მოაქვს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს, სწორი განვითარების პროცესის შექმნისკენაა მიმართული.

„თითოეული ჩამონათვალი და თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, იქეთკენაა მიმართული, რომ ჩვენ ქვეყანაში შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი. ასევე, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება მოხდეს, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს იმისთვის, რომ ჩვენ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი, შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს პროცესი მარტივი არ იქნება, თუმცა კვირიკაშვილი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს საქართველოს წინაშე არსებული ამოცანის სწორი ამოხსნაა.

„ეს პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პროცესი ერთადერი სწორი ამოხსნაა იმ ამოცანის, რომელის დღეს საქართველოს წინაშე დგას“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ოჯახის შექმნა მიულოცა
შემდეგი სტატიათუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ამას საზოგადოება გაიგებს – გოგაძე