“პრემიერის ხელმძღვანელობით საუბარი იქნება იმაზე, თუ ვინ სად და რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას”

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე არ აკონკრეტებს, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას პარლამენტში გეგმავს, თუ მთავრობაში.

როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კალაძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხი ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

„გულწრფელად გეტყვით, რომ დღეს, ჩემთვის ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია მზადება მეორე ტურებისთვის. ჩვენ ვემზადებით და დარწმუნებული ვართ, რომ 30 ოქტომბერს გავიმარჯვებთ“, – აცხადებს კალაძე.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საუბარი იქნება იმაზე, თუ ვინ სად და რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას.

„მთავარია, რომ ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმ ამბიციური გეგმის შესასრულებლად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. დარწმუნებული ვარ, ამას ერთობლივი ძალისხმებით შევძლებთ და მოვახერხებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ მთავრობაში კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიაში მეორე ადგილი დაიკავა, მას პოსტის დატოვება მოუწია.

კახა კალაძე 2012 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდა, სადაც სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დაიკავა, სამტრედიის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდა, სადაც გიორგი კახიანმა გაიმარჯვა.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ში ვერ აკონკრეტებენ, რომელი საათისთვის გახდება ცნობილი განმეორებითი კენჭისყრის პირველადი შედეგები
შემდეგი სტატიაყიზილაჯლოში ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დაწყებულა