პრემიერი : ტურიზმის მიმართულებით ძალიან სახარბიელო მაჩვენებელი გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთვარობის დღევანდელ სხდომაზე, ქვეყანაში ტურისტების ნაკადის ზრდის შესახებაც ისაუბრა.

„მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან სახარბიელო მაჩვენებელი, შვიდ თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი, რაც არის უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელი, დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე – საქართველოს ეწვია 764 022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26 124-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელების კუთხით. ასევე, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 354 მილიონი დოლარი, რაც 15,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის შემოსავლების ზრდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული მიკრო-სასტუმროებიდან, ოჯახური სასტუმროებიდან, დამთავრებული დიდი, მსხვილი კომპლექსებით. ეს არის, რა თქმა უნდა, მეტი დასაქმებული ადამიანი საქართველოში, რაც, ჩვენი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყველას, ვინც ამ მიმართულებით იმუშავა, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციას, კულტურის სამინისტროს, მადლობა გადაუხადა.

„იმ ღონისძიებების შედეგად, რომელიც სახელმწიფომ გაატარა, მიღწეულია ასეთი მაჩვენებელი, რაც ძალიან კარგია. ეს ტენდენცია გაგრძლდება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის ღონისძიებები ახალი სქემით დაიგეგმება.

„ეს ტენდენცია არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან საქართველოს პოპულარობა იზრდება. მნიშვნელოვნად აიწია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობამაც. ვფიქრობ, რომ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალ წელს, რაც ვფიქრობ, ასევე განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ადგილობრივი ინფრასტრუქტურა მოვამზადოთ მნიშვნელოვნად, ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ“,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : არჩილ ხაბაძეს საარჩევნო პროცესში მოუწევს ჩართვა