“პრემიერი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხვდები”

ტელეკომპანია “მაესტროს” აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე საეჭვოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

გაჩეჩილაძის თქმით, პრემიერი მისი ბავშვობის მეგობარია, მას ხშირად ხვდება, თუმცა, “მაესტროსთან” დაკავშირებით არასოდეს უსაუბრია.

“პრემიერი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხვდები. რა არის ამაში გასაკვირი? “მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელი ვარ, პრემიერ-მინისტრი “მაესტროსთან” რა შუაშია, რა უნდა გამერკვია? მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ასევე არასწორია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მან ტელეკომპანიის 25%-იანი წილის შესაძენად თანხა ტელეკომპანიის ერთ-ერთი აქციონერისგან, მაკა ასათიანისგან ისესხა.

როგორც გაჩეჩილაძემ პარტნიორთა კრების დაწყებამდე განაცხადა, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ჩაერევა, იქნება ახალი ფორმატი, რომელსაც საზოგადოება ეთერში გასვლის შემდეგ იხილავს.

“სარედაქციო პოლიტიკაში არავინ არასდროს ერეოდა და არც არავინ ჩაერევა. ახალი ფორმატის გასვლის შემდეგ ნახავთ მიკერძოებული იქნება თუ არა. წინასწარ რაიმეზე საუბარი, ნაადრევია. ცვლილებები იმიტომ ხდება, რომ “მაესტროში” სიტუაცია შეიცვალოს”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება ტელეკომპანიის სხვა აქციონერებთან, მამუკა ღლონტთან და ეკა კობიაშვილთან ურთიერთობას, გაჩეჩილაძის თქმით, მათ მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი და თანამშრომლობას აპირებს.

banner
წინა სტატიაში“მე მეგონა, რომ თოფაძე აღარ იყო პარლამენტის წევრი”
შემდეგი სტატია“მაესტროს” ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ