პრემიერი: 2012 წლის შემდეგ ლარი დაახლოებით, 60-65%-ით გაუფასურდა, რაც არ არის კარგი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აშშ დოლართან მიმართებაში არა მხოლოდ ლარი, არამედ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ყველა ვალუტა გაუფასურებულია.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ამ საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები საფუძველს მოკლებულია.

„პირველ რიგში, ლარის დევალვაციაზე, მის გაუფასურებაზე მინდა ვთქვა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად, ყველა ვალუტა ჩვენი სავაჭრო – პარტნიორი ქვეყნებისა გაუფასურებულია. თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, 100%–ზე მეტად გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%–ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი (90%–ის ფარგლებში), აზერბაიჯანული მანათი (100%–ს ზევით)“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ლარი დაახლოებით, 60-65%-ით გაუფასურდა.

„2012 წელზე იყო საუბარი, რომლის შემდეგ ქართული ლარი დაახლოებით, 60–65%–მდე ფარგლებშია გაუფასურებული. ეს არ არის კარგი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ საქართველო, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და იმ სოციალური ფონისა, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობაა, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ მომავალ ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კონკურენციაში იმყოფება და ამიტომ, კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი უკეთესი უნდა იყოს.

„ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის ორიენტირებული იმისკენ, რომ გვქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე ეს ჩვენს გარშემო არსებულ სამეზობლო ქვეყნებშია. ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია – საქართველო იმყოფება კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ, ჩვენი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი იმისთვის, რათა რეგიონში წამოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი საქართველოში მოხვდეს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება აქცენტის გაკეთება იმ მიმართულებებზე, რომლებსაც შეუძლიათ მეტი სავალუტო საშუალებების გენერირება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, სწორედ ამისკენაა მიმართული“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ამას საზოგადოება გაიგებს – გოგაძე
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს