პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნების თარიღი, 8 ოქტომბერი ძალაში რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილების მიუხედავად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი ძალაში რჩება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არჩევნების თარიღზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და პრობლემა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით არსებობდა.

კვირიკაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე.

”არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების წარმოდგენა მოხდეს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას. რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ასევე ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის, თუ პარტიების მხრიდან გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება, გვინდა, ვთხოვოთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დოკუმენტი წარმოადგინოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე იქნას განსაზღვრული. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრი არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებულ შენიშვნებთან ერთად უბრუნებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულებას პრეზიდენტს შენიშვნებთან ერთად უბრუნებს
შემდეგი სტატიაწინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს