პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო.

როგორც “თაიმერს” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ბულგარეთი ევროპული ინტეგრაციისა და ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მზად არის. საუბარი შეეხო ნატო-ს არსებითი პაკეტის განხორციელებაში ბულგარეთის ჩართულობას, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა როსენ პლევნელიევს მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და იმედი გამოთქვეს, რომ სექტორული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმები არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის ჩამოყალიბების როლზე ისაუბრეს.

ორი ქვეყნის ურთიერთობებზე საუბარი გაფართოებულ შეხვედრაზე გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშისარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიალატვიის მთავრობა გადადგა