ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

ფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა.

“მთელი საფრანგეთი ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინაშე დგას. ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა გამოვავლინოთ აბსოლუტური ყურადღება და მტკიცე გადაწყვეტილება”, – განაცხადა ოლანდმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე დარტყმებს გააძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 14 ივლისს, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნოემბრის ტერაქტების შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდებოდა.

გვიან ღამით ქალაქ ნიცას სანაპიროზე ხალხში სატვირთო მანქანა შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივები ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს ადევნებდნენ თვალს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 80 ადამიანი, დაშავებულთაგან 18-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

სატვირთო მანქანის მძღოლის პოლიციამ მოკლა, მოგვიანებით მანქანაში იარაღი აღმოაჩინეს. სააგენტო “ფრანს პრესის” ინფორმაციით, მანქანაში 31 წლის ტუნისელი წარმოშობის ადგილობრივის საბუთები იპოვეს.

ნიცას მერმა მომხდარს ქალაქის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედია უწოდა. ნიცაში გაუქმდა რიანას კონცერტი და ჯაზფესტივალი

banner
წინა სტატიაშიგანათლების განვითარების პლატფორმის ფარგლებში მორიგი სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიაინტერპარტიული ჯგუფი სარეკლამო დროის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს