პორტონ-დაუნის ხელმძღვანელი: “ნოვიჩოკის” ბრიტანეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შანსი არ არსებობს

გერი ეინთკენხედმა, რომელიც მომწამვლელი ნივთიერებების პორტონ-დაუნის ცენტრის ხელმძღვანელია, “ბიბისისთან” განაცხადა, რომ მისი ცენტრიდან მომწამვლელი ნივთიერებების გაჟონვა არ მომხდარა და ის ფაქტი, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ცენტრიდან მოშორებით მოიწამლნენ, მხოლოდდამხოლოდ დამთხვევაა. ეითკენხედმა რუსეთის მხრიდან მინიშნებებს, რომლის თანახმადაც მათ საეჭვოდ მიაჩნიათ ლაბორატორიის მდებარეობა და სკრიპალების მოწამვლა, “ამაზრზენი” უწოდა.

პორტონ-დაუნი ბრიტანეთის საიდუმლო ლაბორატორიაა და მასთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი, მართლაც, სოლსბერია. 1916 წელს ლაბორატორიის შექმნიდან, მას ბევრი მოარული ამბავი უკავშირდება – ქიმიური იარაღის შექმნიდან უცხოპლანეტელების ვიზიტით დასრულებული. მათი ოფიციალური გვერდი 2016 წელს არის განახლებული. ბრიტანეთი ამბობს, რომ მათ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოება 50-იან წლებში შეწყვიტეს, თუმცა, პორტონ-დაუნის ლაბორატორიაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის საშუალებების შექმნა მიმდინარეობს, ამ მიზნისათვის “ჩვენ ძალიან მცირე რაოდენობით ბიოლოგიურ და ქიმიურ აგენტებს ვაწარმოებთ… ისინი დაცვის ქვეშ არის და როცა აღარ არის საჭირო, უსაფრთხო გზით უტილიზაცია ხდება” – სამთავრობო გვერდზე წერია. ლაბორატორიის დირექტორი ამბობს, რომ ობიექტზე კონტროლისა და უსაფრთხოების უმკაცრესი ზომები არსებობს.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტის, ქიმიური იარაღით ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ, ისევ კომაში არიან. ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ სკრიპალების მოწამვლა რუსული ქიმიური ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოხდა და რომ დიდი ალბათობით, ამ აქტის უკან რუსეთი დგას.

გუშინ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბრიტანეთს მხარი დაუჭირეს – რუსეთი დიდი ალბათობით პასუხისმგებელია სოლსბერიში მომხდარ ნერვულ-პარალიტიკურ მოწამვლაში – მოლაპარაკებები ბრიუსელში გვიან ღამემდე გაგრძელდა, რომლის შემდეგადაც ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება, რომ გაერთიანების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სოლსბერიში მომხდარ ინციდენტს “სხვა ახსნა ვერაფრით მოუძებნეს”. “ჩვენ უსიტყვოდ ვუჭერთ მხარს გაერთიანებულ სამეფოს ამ კოლექტიური უსაფრთხოების თავხედურ გამოწვევაში” – ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ადრე შეხვედრებში ტერესა მეიმ თქვა, რომ 4 მარტს სოლსბერიში სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე მომხდარი თავდასხმა “ევროპაში რუსეთის აგრესიის გაგრძელების მაგალითია”.
მოსკოვი 4 მარტის ინციდენტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
რუსეთში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენელი “კონსულტაციისთვის” გამოიწვიეს.

banner
წინა სტატიაშიორ დაკავებულ ქართველს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება
შემდეგი სტატიაბერლინი და პარიზი სკრიპალის გამო რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს ათანხმებენ