ფონდმა „ქართუმ“ BLACK SEA ARENA სახელმწიფოს გადასცა

ფონდმა “ქართუმ” უმაღლესი სტანდარტის 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს გადასცა.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დარბაზი შავიზღვისპირეთის სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს.

მისი თქმით, ფონდი “ქართუ” მიმდინარე სეზონზე მსოფლიო დონის ვარსკვლავების წარმოდგენებს გამართვას უზრუნველყოფს.

“დღეს ჩვენ საქართველოში უნკალური და მასშტაბური პროექტის განხორციედლების მოწმე გავხდით. ქვეყანას შეემატა ულტრათანამედროვე, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი – “ბლექსი არენა“. ეს გახლავთ „ფონდი ქართუს” მიერ განხორციელებული 200-მილიონიანი პროექტი და დღეს ფონდი ამ შესანიშნავ დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელმწიფოს, გადასცემს მას საკუთრებაში. ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მის უპრეცედენტო ქველმოქმედებას. ეს არის მისი სამშობლოს წინაშე ღვაწლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მინდა ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო მადლიერება განსაკუთრებით იმ იდეის გამო, რომ ასეთი უნიკალური საკონცერტო დარბაზი შეკვეთილის ახლოს გაშენებულიყო.

პრაქტიკულად, ეს გახლავთ რეგიონის განვითარების პროექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შავიზღვისპირეთისთვის. ასეთი მასშტაბური პროექტის გაშენებით გაიზრდება ტურიზმი. შესაძლებელი გახდება ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს მხარე შეძლებს ისარგებლოს ტურისტული ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლით, აღარაფერს ვამბობ დამატებით სამუშაო ადგილებზე, რომელიც ასეთი მსხვილი ინვესტიციის განვითარებისას იქმნება. მარტო მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

როგორც ხედავთ, დარბაზი უკვე მზადაა უმასპინძლოს ჩვენს მოქალაქეებს და უცხოელ სტუმრებს, დარწმუნებული ვარ, ინტერესი იქნება ძალიან მაღალი. საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, არის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, გათვლილია 10 ათასამდე მაყურებელზე. დაპროექტებულია სრული უსაფრთხოების დაცვით, გათვალისწინებულია სტუმრებისთვის სრული კომფორტი და რაც მისასალმებელია, გათვლილია შშმ პირებზე, არის მათთვის განკუთვნილი ადგილები, რაც შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ გვქონია. დარბაზის სივრცე ისეთია, რომ შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი მიმდინარეობის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს და სპორტულ ღონისძიებებს. შესაბამისად, დარბაზი მზადაა უმასპინძლოს ნებისმიერი მაღალი დონის ვარსკვლავს და შოუმენს.

ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად ფონდი “ქართუ” ქართველ ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს – ესაა მსოფლიო ვარსკვლავების სერია ამ სეზონზე. ამ დარბაზში გაიმართება ისეთი წარმოდგენები, რომლებიც თითოეულ სტუმარს დამუხტავს განსაკუთებული ემოციით, განსაკუთრებით უცხოელ მაყურებელს დაუტოვებს წარუშლელ შტაბეჭდილებებს საქართველოზე და იქცევა შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ უმთავრეს სავიზიტო ბარათად”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა შეკვეთილში საზეიმო ღონისძიებისას.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი: ერაყში ომი არაკანონიერი იყო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი უახლოეს დღეებში პრესის წარმომადგენლებს შეხვდება