„ფონდებთან დაკავშირებით, პროკურატურამ სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, პროკურატურა წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბებული და შემდეგ გაუქმებული ფონდებით უნდა დაინტერესდეს.

 

ლორთქიფანიძემ „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სტაბილური განვითარების ფონდი და მომავალი თაობების ფონდი ჩამოყალიბდა, რომლებიც ბიუჯეტიდან 58 და 83 მილიონი ლარით ფინანსდებოდნენ.
თუმცა, დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული ფონდების საქმიანობის შედეგები და მომავალ წელს მათი გაუქმების მიზეზებიც უცნობია.
აქედან გამომდინარე, ლორთქიფანიძე პროკურატურას დაინტერესებისკენ და გამოძიების დაყებისკენ მოუწოდებს.
„წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, სტაბილური განვითარების ფონდი და მომავალი თაობების ფონდი, რომლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში, 58 და 83 მილიონი ლარი იყო გათვალისწიბნებული. მათ მიენიჭათ კოდი: 2514 და 2515. ფონდების შექმნის მიზნებში გათვალისწინებული იყო, რომ ფონდების თანხები, რომელიც მრავალ მილიარდიანი უნდა გამხდარიყო, უნდა მიმართულიყო საქართველოს ტერიტორიაული მთლიანობის აღდგენის შემდგომ, აფხაზეთის ა/რ და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის ტერიტორიების სწრაფ ინტეგრაციას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებთან, ასევე უნდა უზრუნველყოფილიყო ახალგაზრდა თაობის სტაბილური განვითარებისთვის პირობების შექმნა.
ფონდებმა მხოლოდ 1 წელი იარსებეს, შემდეგ კი, არცერთი წლის ბიუჯეტში ეს გათვალისწინებული არ ყოფილა. მაქვს  ლეგიტიმური კითხვები: სად წავიდა ეს ფონდები, ის თანხები, რომელიც ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული? რატომ გაუქმდა ეს ფონდები? თუ ფონდებში თანხები იყო ჩარიცხული, სად დაიხარჯა ის?“,- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისი ინფორმაციით, გარდა აღნიშნული ფონდებისა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ფონდები ჰქონდათ როგორც პროკურატურაში, შსს-ში, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროშიც.
„ანუ ეს იყო ფულის ქვევრი, რომელსაც ძირი არ ჰქონდა და ვის რას აყრევინებდნენ და არიცხვინებდნენ ფონდებში, არავინ იცის. ეს ფონდები გაქრნენ. ამასთან დაკავშირებით, პროკურატურამ სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ „პირველ პრესკლუბში“.
banner
წინა სტატიაშიმასშტაბური გათავისუფლებები თბილისის საბავშვო ბაღებში – საკადრო გადაწყვეტილებებს პროტესტი მოჰყვა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” სამომავლო საქმიანობაში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის საკითხზე ექს-პრემიერთან კონსულტაციები გაიმართება