პოლონეთი კონსერვატიული ქვეყანაა, მაგრამ გეი-მერი სწრაფად ხდება პოპულარული

პოლონეთის ქალაქ სლუპსკის 42 წლის მერს რობერტ ბედრონს პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილავენ. ის ათეისტია კათოლიკურ ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რელიგიურია ევროპაში. გარდა ამისა, ის გეია – ერთადერთი გეი პოლონელ პოლიტიკოსებში. “მე მეოცნებე ვარ. ძალიან კონსერვატიულ ოჯახში დავიბადე, პოლონეთის ტრადიციულ რაიონში. გეი ვარ, თან ათეისტი, ამიტომ ადვილი არ არის” – რობერტ ბედრონი ამბობს. ქალაქი სლუპსკი, რომლის მერიც ის არის, პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარეობს, ბალტიის ზღვიდან 18 კილომეტრის დაშორებით. პოლიტიკოსზე საუბრობენ როგორც ახალი პროგრესული მოძრაობის ლიდერზე, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი.

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ სლუპსკის მერს მოუწოდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ბედრონი ქვეყანაში პოლოტიკოსებს შორის პოპულარობით მესამე ადგილზეა მოქმედ პრეზიდენტს ანჟეი დუდესა და ექს-პრემიერ მინისტრის დონალდ ტუსკის შემდეგ.

ისე ჩანს, თითქოს რობერტ ბედრონმა თავისი კარიერა ძალიან იოლად ააწყო. 2011 წელს, ლგბტ აქტივისტი და გეი, პირველად პოლონეთის ისტორიაში, სეიმში მოხვდა. “როცა დეპუტატი ვიყავი, ოთხჯერ თუ ხუთჯერ მცემეს ქუჩაში” – იხსენებს ბედრონი. “ახლა ისინი მიღიმიან და მესალმებიან” – ამბობს მერი და ხაზს უსვამს, რომ რამდენიმე წლის წინ გეებისადმი დამოკიდებულება პოლონეთში სრულიად სხვა იყო. მაშინ, ალბათ შეეძლოთ ეთქვათ – “შენ გომიკი ხარ”, ან შეეძლოთ სახეში შეეფურთხებინათ. ახლა კი ამბობენ, დილა მშვიდობისა, ბატონო მერო – და ეს მომხდარ ცვლილებებზე მიუთითებს – ამბობს მერი.

პოლოენთში ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერებისადმი დამოკიდებულება მუდმივად იცვლება, თუმცა, ქორწინება, სხვა რამდენიმე ქვეყნისგან განსხვავებით, ისევ იკრძალება, რაც რობერტ ბედრონს ძალიან არ მოსწონს, რომელიც, როგორც მერი, ხშირად ესწრება ჯვრისწერებს.
“ძალიან მშურს, იმიტომ, რომ ვხედავ, რომ ბედნიერები არიან. მე და ჩემი პარტნიორი უკვე 15 წელია ერთად ვართ, მაგრამ ჩვენთვის ქორწილი – მხოლოდ ოცნებაა ისევ. ეს სამართლიანი არ არის, რომ ორ ზრდასრულს 2018 წელს დაქორწინება არ შეუძლიათ, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ და ერთად ყოფნა სურთ” – სლუპსკის მერი ამბობს.

პოლონეთის ხელისუფლებაშია პარტია “უფლება და სამართლიანობა”. 2015 წლის შედეგმა ამ პარტიას საშუალება მისცა ერთპარტიული მთავრობა ჩამოეყალიბებინა პირველად, პოსტკომუნისტური ქვეყანის ისტორიაში. მათ სეიმის არჩევნებზე 37,6% აიღეს, რაც 460-დან 235 მანდატია. სენატში კი 100-დან 61 ხმა აიღეს. იმავე წელს პარლამენტში მემარცხენეებიც შევიდნენ.

“უფლება და სამართლიანობა” არჩევნებზე კონსერვატიული პროგრამით წარსდგა, მათთვის მნიშვნელოვანია პატრიტიზმი, კათოლიკური ღირებულებები და ანტიელიტარიზმი. პარტიის პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა სოციალური პროგრამები, ბავშვებზე დახმარებები გაიზარდა, პენსიონერებს კი უფასო წამლები აქვთ.

თუმცა, არჩევნების შემდეგ მთავრობამ მედიის და სასამართლო სისტემის კონტროლი განიზრახა, რამაც პოლონელებსა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. პროტესტის მიუხედავად, მმართველი პარტია ყველაზე პოპულარულია ქვეყანაში, თუმცა, არა სლუპსკში, სადაც 90 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

“პოლონეთში არა მხოლოდ კონსერვატიული, პოპულისტური და ავტორიტარული პარტიაა პოპულარული” – ამბობს რობერტ ბედრონი. ქალაქის მერად ყოფნის მანძილზე მან ქალაქის ვალი ათობით მილიონი ზლოტით შეამცირა, განათლების დაფინანსება გაზარდა, დაიწყო საცხოვრებელი ფართების მშენებლობა, ქალაქში, ასევე შენდება ახალი თეატრი.

სლუპსკის ადმინისტრაციასთან ქუჩაში წითელი ტახტი დგას – ქალაქის მცხოვრებთათვის, რომელთაც მერთან სურთ საუბარი.
პოლიტიკოსის ოპონენტები ამბობენ, რომ მას რეალური პროგრამა არა აქვს და რომ მისი პოპულარობა კარგად დაგეგმილმა პიარ-კამპანიის შედეგია. “ერთხელ მუსიკალურ ფესტივალზე ვნახე როგორ ელაპარაკებოდა ახალგაზრდებს. ის იყო ნამდვილი ვარსკვლავი, გმირი. ყველა მას უსმენდა, თითქოს მათ წინ წმინდანი იდგა. ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლონეთში გეებისადმი მიდგომა იცვლება” – ამბობს პოლონელი რენატა კიმი.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა საქართველოს და უკრაინას “ნატოს განსაკუთრებით ღირებული პარტნიორები” უწოდა
შემდეგი სტატიამალელმა “ადამიანმა-ობობამ” პარიზში ბავშვი გადაარჩინა და საფრანგეთში გმირი გახდა (video)