“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს ჯერ გაერთიანების ლიდერებმა ხათუნა ლაგაზიძემ, გიორგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და მანანა ნაჭყებიამ მიმართეს სიტყვით და პლატფორმის მიზნებზე ისაუბრეს, შემდეგ კი პაატა ბურჭულაძემ დაიკავა ტრიბუნა და საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები ბათუმიდან იქნებიან ისტორიკოსი, საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე წლების განმავლობაში ნინო ტავლალაშვილი, პროფესორი ირაკლი ბარამიძე და ინჟინერ-მექანიკოსი ამირან ბერიძე.

ქობულეთიდან საქართველოს პარლამენტში კენჭს იყრის ისტორიკოსი გოჩა ტაკიძე, ხელვაჩაურიდან ლევან ლორთქიფანიძე, ხოლო ქედა-შუახევი-ხულოდან ეკონომისტი მინურ აბულაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება, ბათუმიდან კენჭს იყრიან იურისტები მალხაზ ნაკაშიძე, ბექა დიასამიძე და ზვიად ბოლქვაძე. ქობულეთიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებს ინჟინერ-მექანიკოსი დავით მანელიშვილი. ხელვაჩაურიდან კენჭს იყრის ეკონომისტი იურისტი ჯემალ ბერიძე, ხოლო ქედა-შუახევი-ხულოდან ქედას ყოფილი გამგებელი დავით გათენაძე.

როგორც პაატა ბურჭულაძემ კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, “ეს არის ის ხალხი, ვინც აჭარას და მთლიანად საქართვლოს ფეხზე დააყენებს”. მან მხარდამჭერებს მიმართა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და შემოხაზონ პირველი ნომერი. “ნომრის მონახვა რთული არ არის, ეს არის პირველი ნომერი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერში პირველები ვართ”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერკელი: ევროპაში არ შეიძლება უკანონოდ გადაკვეთო საზღვარი
შემდეგი სტატიაფინეთის თავდაცვის ძალების მეთაური თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრა