პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებულების პროცესი დაიხურა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებულების პროცესი დაიხურა.
დახურვის მოთხოვნა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დააყენა და განმარტა, რომ საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას ეხებოდა. პერსონალური მონაცემების დაცვას კი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

სხდომის დახურვას 5 ბრალდებულიდან მხოლოდ ინგა ჩატოიანი და ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაეთანხმნენ.

სხვა ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინერესია. ბრალდებულების ინტერესია ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს და მათ დასამალი არაფერი აქვთ.

“ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ბრალდებულების ინტერესები. საზოგადოებას უფლება აქვს ამ საქმეზე ყველა ფაქტობრივ გარემოებას გაეცნოს. ამასთან, დღეს მტკიცებულებების დაშვება-არ დაშვების საკითხიც არ იხილება, არათუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მხოლოდ აღკვეთი იხილება, სადაც პერსონალური ინფორმაცია არ გაჟღერდება”, – განაცხადა ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის ადვოკატმა ნანა ფილაურმა.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დამცველების პოზიცია არ გაიზიარა და პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღეს დახურულ სხდომაზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავენ. სხვა საკითხების განხილვას ვერ გააგრძელებენ, ვინაიდან ერთ-ერთი ბრალდებულის, ინგა ჩატოიანის ადვოკატმა მაია ტალახაძემ თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა და ბრალდებული პროცესში ადვოკატის გარეშე მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიათურქული მედია – სტამბოლის აეროპორტში ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი თვითმკვლელი სავარაუდოდ ჩეჩენია