ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის 40 კგ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის არადეკლარირებული საქონელი – 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, აღნიშნულ ფაქტზე – საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ”MERCEDES BENZ”-ის მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სარფის’’ გავლით, ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – 36 კგ ოქროსა და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 000 000 ლარს აღემატება, ხოლო ამოღებული ავტონაწილების ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში საბაჟო წესების დარღვევით შემოსული კონტრაბანდული საქონლის თავისუფალი ბრუნვის აღკვეთაა, რაც ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას საგამოძიებო სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 7 მოსამართლე უვადოდ გაამწესა
შემდეგი სტატია„ყველაფერი ძალაშია“ – ნანი ბრეგვაძეს მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი არ გაუუქმებია