ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ, გადაუმოწმებული ფაქტების შემცველ განცხადებებს, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მცდარი ინფორმაციის ტირაჟირებას. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის თანახმად, ავტომობილები, რომლებიც ოთარ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება, არის საგამოძიებო სამსახურის საკუთრებაში და თითქოს მასში გადახდილია საბიუჯეტო თანხები. რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არის მცდელობა საზოგადოებას მიეწოდოს არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ავტომობილი, რომელიც განცხადებაში და ეგრედწოდებულ „ვიდეომტკიცებულებაში“ არის ნახსენები, არ იმყოფება საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე და არც არასდროს ყოფილა.
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ თანახმად საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე არსებული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და მზად ვართ ყველა დაინტერესებული პირს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია მოდელის, მარკის და საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით.
გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს იცავს და ემსახურება საგამოძიებო სამსახურის „დაცვის თანამშრომლები“. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მსგავსი ქვედანაყოფი არ გააჩნია. საგამოძიებო სამსახურში არ არსებობს დაცვისა და პიროვნების პირადი კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი არასწორი ფაქტების გავრცელებისგან. გარდა ამისა, ჩვენი სამსახური მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ ფილარმონიაში გაიმართება
შემდეგი სტატიაოთარ ფარცხალაძე მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს