ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დოკუმენტაცია სრული სიზუსტითაა აღრიცხული

ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დოკუმენტაცია სრული სიზუსტითაა აღრიცხული.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, ესაა წინასწარი მონაცემები, რომელიც კიდევ დაზუსტდება და შესაძლოა, მონაცემები მცირედით გაიზარდოს.

„ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ აღირიცხება ყოველდღიურად მიღებული სახსრები, რასაც თვის ბოლოს ემატება ის თანხები, რომელიც დონორების მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების ფარგლებში, ამავე დონორის მიერ ხაზინის გაუვლელად, პირდაპირ ერიცხება შესაბამის შემსრულებელ ორგანიზაციებს“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, ეს მეთოდოლოგია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც სახაზინო სამსახური არსებობს. გამომდინარე აქედან, მინისტრის მოადგილის თქმით, ყოველგვარი ბრალდება მონაცემების გაყალბების შესახებ სრული აბსურდია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ასევე, აბსურდულს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს სახაზინო სამსახურის მიერ დონორების მიერ კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ნაშთების დახარჯვა მოხდა.

„თითოეული დონორი აკონტროლებს თავის მიერ გამოყოფილ თანხას და შეუძლებელია დონორის მიერ გამოყოფილი სახსრები გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სხვა მიმართულებით. შესაბამისად, მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

banner
წინა სტატიაშიოსმა ძალოვნებმა სოფელ კირბალის მკვიდრი ალექსი დოთიაშვილი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია(video) მოლაშვილი იყო ნარკოდამოკიდებული, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება-გრიგალაშვილი