პენიტენციური სისტემის ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე სპეციალურ სასწავლო პროგრამას გაივლიან

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში, საქართველოში პირველად, ფსიქიატიული ექთნებისთვის სასწავლო პროგრამა მუშავდება, რომლითაც პენიტენციური სისტემის ექთნები გადამზადდებიან.

გადამზადების პროგრამის პირველადი ვერსია, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავა, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სფეროს ექსპერტებმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიწვეულმა პრაქტიკოსმა ექიმებმა და ექთნებმა.

ფსიქიატრიული ექთნები ფსიქიკური დაავადების მართვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შესაბამისად, გადაწყდა სპეციალური პროგრამის შემუშავება საქართველოს პენიტენციური სისტემის ექთნებისთვის, რათა მოხდეს მათი როლის გაზრდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების საჭიროებების გამოვლენის, მათი მოვლის, მკურნალობის და საჭიროებებზე მორგებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით. კურსის საშუალებით ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გარშემო მიიღებენ შესაბამის ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მართვასა და მოვლაში დაეხმარებათ. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, ექთნების გარკვეული ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც ტრენერთა ტრენინგს გაივლიან.

პროგრამის განხილვასთან დაკავშირებული შეხვედრა პროექტის – „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ნაწილია.

banner
წინა სტატიაში„პრინციპულია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არ ექვემდებარებოდეს სუს-ს”- ჩიხრაძე
შემდეგი სტატიააფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოჯახში ძალადობა რთული პრობლემაა