ფეხბურთის ფედერაცია და მთავრობის წევრები აფხაზეთში მიმდინარე ჩემპიონატთან FIFA-ს კავშირს გამორიცხავენ

3 დღეა აფხაზეთში მიმდინარეობს არაღიარებულ ქვეყნებს შორის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტურნირს FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან. რუსულ წყაროებში აღინიშნა, რომ ეს პირები დაგ ლარსენი და სერგეი აზიზოვი არიან. მათ გამართეს პრესკონფერენცია და ისაუბრეს აფხაზეთის FIFA-ში გაწევრიანებაზე. აზიზოვმა განაცხადა, რომ მიმართა FIFA-ს მაღალჩინოსნებს აფხაზეთის გასაწევრიანებლად.

„აფხაზეთი არის ღირსეული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ფიფა წარმოადგინოს, რადგან მას აქვს თავისი მიწა, ხელისუფლება და საკუთარი ენა. გარდა ამისა არსებობს ფეხბურთის მაღალი ხარისხი. აქ ხალხს უყვარს ფეხბურთის თამაში. ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ფიფასთან“, – განაცხადა აზიზოვმა.

კომენტარები გაკეთდა დღეს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. მათ ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ პირები, ვინც პრესკონფერენცია გამართა ჩვეულებრივი აგენტები არიან და არ არიან FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენლები.

“ჩვენ ფიფასთან გვაქვს კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მათი პოზიცია, რა თქმა უნდა უცვლელია, რაც შეეხება იმ პიროვნებების, რომლებიც უბრალოდ FIFA-ში დარეგისტრირებული მატჩის აგენტები არიან, ვერანაირად ვერ იქნებიან FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენლები, მათი პოზიცია ვერნაირად ვერ იქნება ჩვენთვის FIFA-ს ოფიციალური პოზიცია. ასე რომ, ჩვენ კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით უკვე დავუკავშირდით FIFA-ს, ვაცნობეთ ასეთი კონფერენციის შესახებ”, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: გერმანული მოდელი შედის წინააღმდეგობაში ჩენი კონსტიტუციის ჩანაწერებთან
შემდეგი სტატიაThe New York Times-ი კიევს “ჟურნალისტებისთვის ომის გამოცხადებაში” სდებს ბრალს