ფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

ფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს დასახული მიზნების სრულად განხორციელებას. კვირიკაშვილმა კი, ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელება ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების დასტურია.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული იქნება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის შედეგად მოელიან.

ამასთან, შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ცალსახად დაადასტურა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადმი და აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა საჭირო მოთხოვნა ზედმიწევნით შეასრულა.

გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ფედერიკა მოგერინიმ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშირაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, გარკვეული მოლოდინებიდან შექმნილი აჟიოტაჟი იყო – კობა გვენეტაძე
შემდეგი სტატია“უმსხვილეს მოთამაშეებს, იმის გამო, რაც გუშინ გააკეთეს, უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ პასუხი” – მიხეილ დუნდუა