პატრული თემქაზე დაკავებული ბიჭის გამომსარჩლებელ ქალს: “შეეთრიე, შენს საქმეს მიხედე…” (ვიდეო)

დაახლოებით ერთი საათის წინ თბილისში, თემქის დასახლების მესამე მიკრორაიონის პირველ კვარტალში საპატრულო პოლიციის სამმა ეკიპაჟმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ხმაური გამოიწვია. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ ახალგაზრდას, რომელიც მანქანით გადაადგილდებოდა და გააჩერეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკი ჩაუდეს.

“ოლმედიას” ადგილობრივი მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ შესაძლოა, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა:
“ბიჭი ყვიროდა, არაფერი მაქვს, შემეშვითო, მერე გავიგონე ხმა, მტკივა, ნუ მომტეხეთ ხელიო და ფანჯარასთან მივედი. როცა ვნახე, რომ ორი პოლიციელი ასფალტზე დაგდებული ბიჭის მანქანაში შეტენვას უხეშად ცდილობდა, ფანჯარა გავაღე და გადავძახე, რას აკეთებთ, ან შვილები არ გყავთ, ან მაგ ხნის ახლობლები-მეთქი? და ერთმა პოლიციელმა დამიღრიალა: ქალო, შეეთრიე, შენს საქმეს მიხედო…
მერე მეორე ეკიპაჟი მოვიდა, მერე მესამე… როცა სხვა მეზობლებიც უყვიროდნენ ფანჯრებიდან, პოლიციელებმა ყველას აგინეს – თქვენი დედაც, რას იცავთ კრიმინალებსო… მერე ამ ბიჭს მანქანა აქვე დაატოვებინეს, ხმამაღლა იძახდნენ, ვინც იცნობთ, ადვოკატი დაჭირდება, პოლიციაში მოვიდესო, მერე ხმა გავიგე, ერთმა დარეკა და მისამართი უთხრა, ევაკუატორი გვჭირდება, მანქანაა წამოსაყვანიო, მერე ესენი წავიდნენ და ევაკუატორი მოვიდა, გადავიღე კიდეც…” – ამბობს თვითმხილველი, რომელიც “ოლმედიას” დაუკავშირდა და ვიდეოც მიაწოდა.
შსს-ს განცხადება თემქაზე მომხდარი დაკავების შესახებ, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.

https://youtu.be/5GcpmTLKIqw

banner
წინა სტატიაში(video) აშშ-მ შესაძლოა დამოუკიდებლად იმოქმედოს სირიაში
შემდეგი სტატიასაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია უშიკიშვილის ბრალდებებს პასუხობს