“პატრიოტთა ალიანსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს

“პატრიოტთა ალიანსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც პირველ არხს დეპუტატმა, ადა მარშანიამ განუცხადა, ბორჯომში “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატს, ზაზა ჩაჩანიძეს გამარჯვების სერიოზული შანსები აქვს.

“მეორე ტურში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ. უფრო მეტი მეორე ტური უნდა ყოფილიყო რომ არა, უვარგისი, უსამართლო და მზაკვრული საარჩევნო სისტემა, რომელსაც ვებრძვით. ბორჯომმა იყოჩაღა და ცხადია, ბოლომდე ვიბრძოლებთ. მიხარია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოიკოტი გამოაცხადა. მიხარია, რადგან არჩევნები უფრო სამართლიანად ჩატარდება და რაღაც განცხადებებზე უფრო ნაკლები დრო და ენერგია დაიხარჯება. მიგვაჩნია, რომ ეს ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უმძიმესი ზიანი მიაყენა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 152 დასახლებული პუნქტი ჩააბარეს”, – აღნიშნა მარშანიამ.

დეპუტატის თქმით, საკუთარ კანდიდატს დაეხმარებიან, რათა ხელისუფლების სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს.

“გამარჯვების სერიოზული შანსები გვაქვს, რადგან ბორჯომში ჩვენს კანდიდატს პატივს სცემენ. მას დავეხმარებით, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე ტურში გამარჯვება მოვიპოვოთ. ვიმედოვნებ, რომ ამ უვარგისი ხელისუფლების გასტუმრება ბორჯომიდან დაიწყება”, – განაცხადა მარშანიამ.

ბორჯომში მეორე ტურში “ქართული ოცნებიდან” ლევან ლიპარტია, ხოლო “პატრიოტთა ალიანსიდან” ზაზა ჩაჩანიძე გავიდნენ.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5206 ლარი გახდა
შემდეგი სტატიალარის გაუფასურება – მმართველი გუნდი განმარტებას ეროვნული ბანკისგან ითხოვს